CHOOSE YOUR COLOR
LIGHT
DARK

ანბანით მოყოლილი საქართველო - II ნაწილი

10-მაისი-19

საქართველო არის ადგილი, სადაც აზია და ევროპა ხან ხელის ჩამორთმევით, ხან უთანხმოებებით ხვდებოდა ერთმანეთს - აღმოსავლეთისა და დასავლეთის გასაყარზე მდებარე ქვეყანა კულტურულად ითვისებდა განსხვავებულ ფასეულობებსა და ტრადიციებს, აერთიანებდა სხვადასხვა სივრცისა და დროის მიღწევებს. აქ, მტკიცე ქრისტიანულ ქვეყანაში დღესაც არის უძველესი მეჩეთები და დღესაც დგას მტრის აშენებული ციხეები, სოფლებში დღესაც გაიგებთ ძველ შელოცვებს ავი თვალის მოსახსნელად და, ამავდროულად, იქმნება პირველი ქართული ვიდეო-თამაშები, ახალი ლიტერატურა, რომელიც პარალელურად ითარგმნება გერმანულ და ინგლისურ ენებზე, უძველესი ხელნაწერების საცავების გვერდით შეხვდებით თანამედროვე ინტერაქტიულ ბიბლიოთეკას, რომელიც ავტორის კიბერ კლონთან უშუალო კომუნიკაციის შესაძლებლობას იძლევა, ფოლკლორულ კონცერტებთან ერთად იმართება ელექტრონული მუსიკის ფესტივალები, ახალი ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანები ოკულუს რიფტისთვის “NASA” - ს ცნობილი “voyager”-ის მარშუტის პროტოტიპის შექმნაზე მუშაობენ. ეს ეკლექტურობა განსხვავებული საწყისების სინთეზური გადამუშავების შედეგად, ერთი მხრივ, ქართული კულტურის მრავალფეროვნებას, მეორე მხრივ კი, ამ კულტურის თავისებურ მთლიანობას განაპირობებს.



ეს ყველაფერი, ჩვენი აზრით, განსაზღვრავს იმას, თუ რატომ შეიძლება იყოს საინტერესო ეს პატარა ქვეყანა, რომელიც რუკაზეც კი რთული მოსაძებნია, მაგრამ დიდი ამბიციები აქვს, ამ სიტყვის კარგი გაგებით.


  

ქართული ანბანის 33 ასო-ნიშანი 33 კარია საქართველოს ოცდაცამეტი სურათისა და ხმისათვის, რომელთა გაცოცხლებაც სწორედ ჩვენი ანბანის ჯანდოსნური წყობითაა შესაძლებელი.


  

  - მედეა

  - ნაცარქექია

ო - ომი

პ - პური

ჟ - ჟრიამული

რ - რუსთაველი

ს - სტალინიზმი

ტ - ტყემალი

უ - უბანი

ფ - ფიროსმანი

ქ - ქვევრი


მ - მედეა

მედეა ისაა, ვისაც უძვლესი დროიდან იცნობს მსოფლიო. მაგიური ცოდნით სავსე კოლხეთის პრინცესა, რომელმაც სიყვარულსთვის ყველაფერი დათმო და რომელმაც სიყვარულისთვის ყველაფერი გაიმეტა. კოლხეთში ოქროს საწმისის საძებრად მოსული არგონავტების მეთაური იაზონი მედეამ ისე შეიყვარა, რომ ამ სიყვარულის ტრაგიკულ ისტორიას მთელი ანტიკური ლიტერატურა განადიდებს. მედეამ ისე იძია შური, რომ ის ვეღარასდროს დაივიწყეს.

როდესაც შავი ზღვის პირას ელინური ახლაშენები გაჩნდა, ამ დაუვიწყარ ქალაქებს იქ დაუხვდა ძველი კოლხეთი, დღეს კი მეცნიერები ამბობენ, რომ ის რაც შავი ზღვისპირეთში ელინებს დახვდა, საკმოდ ძლიერი იყო. ამიტომ, გამოვიდა კულტურათა უნცაური ნაზავი, რომელიც უბრალო სამკაულს და დოქსაც კი ეტყობა. ეს ისაა, რაც კოლხებმა მისცეს ელინურ კულტურას, და ისიც, რაც მიიღეს მისგან.

ბერძენი და რომაელი ავტორები, ასევე ელინი მოახალშენეები, დარწმულებულნი იყვნენ არგონავტების ექსპედიციის სინამდვილეში. მედეა, მისი მამა აიეტი, მამიდები, პირველი ევროპელის, მინოსის ცოლი, პასიფაე და დასავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში დამკვიდრებული კირკე, მიიჩნეოდნენ კავკასიისა და ხმელთაშუაზღვისპირეთის დამაკავშირებელ ძირითად ფიგურებად.

მედეას ხანის კოლხეთში II ათასწლეულის დასახლების აღმოჩენაზე თავის დროზე ოცნებობდა ჰაინრიხ შლიმანი, მედეა კი, საუკუნეების განმავლობაში დარჩა კავკასიისა და საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მაიდენტიფიცირებელ სიმბოლოდ.


ნ - ნაცარქექია

ის ქართული ზღაპრის გმირია, კაცი, რომელიც უსაქმურობისთვის სახლიდან გააგდეს, გამოგდებულმა კი უცებ გამოიჩინა ფხა და რაღაც ილეთებით აქაური გოლიათები, დევები დაიმონა, მათ ქონებას დაეუფლა და გამდიდრდა.

ქართული ზღაპრების სამყარო ძველია, მდიდარი და მრავალფეროვანი. ნაცარქექია ერთი გმირია, რომელსაც ათასი დაუდგება უკან. ჯადოსნური იქნება ქართული ზღაპარი, ყოფითი, ტრაგიკული, თუ კომიკური, მისი არსი სიცოცხლეშია.

ქართული ზღაპრები დღესაც ცოცხალია, როგორც უწიგნოდ მოსათხრობი ისტორიები და მათ თხრობენ ზუსტად ისე, როგორც ოდესღაც. ამ ზღაპრებში, სადაც ცხოველები და ადამიანები ხშირად თანასწორნი და ერთმანეთისთვის თავდადებულნი არიან, სამყაროს ერთიანობის და ჰარმონიულობის შესაძლებლობის დიდი იმედი ძევს ხოლმე.

ხალხური ზღაპრის სული დაეხმარა კიდეც ქართულ საბავშვო ლიტერატურას, მას შემდეგ, რაც ზღაპარმა წიგნის ფურცლებზეც გადაინაცვლა. ეს გასაკვირი არაა, ქართული ზღაპრების სინამდვილე და სიწრფელე სწორედ ისაა, რასაც ხშირად ეძებს ხოლმე ლიტერატურა.


ო - ომი

ეს სიტყვა ალბათ ბევრ ენაზეა მოკლე და ალბათ იმიტომაც, რომ საბოლოოდ ადამიანებს უნდათ, რომ ომი მალე დამთავრდეს. ის კი გრძელდება და საუკუნეებია, ასეა.

ორივე მსოფლიო ომს ნახევარ მილიონზე მეტი ქართველი ემსხვერპლა. ომი ხშირად ყოფილა გარდაუვალი რამ საქართველოში. მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ

საქართველო არ თანხმდებოდა ოკუპაციას, ანექსიას, ინკორპორაციას.

ეს დღესაც ცოცხალი სიტყვებია საქართველოსთვის. ქვეყნის ტერიტორიის 22 პროცენტი რუსეთს აქვს დაპრყრობილი, იქ მცხოვრებ უმცირესობათა უკმაყოფილებისა და დაცვის მომიზეზებით, ქართული მოსახლეობა კი გამოდევნილია ამ მიწებიდან. საუკუნის წინაც, როცა საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1918 წელს, საბჭოთა რუსეთმა იწყო აჯანყებები, სწორედ აფხაზეთისა და ოსეთის რეგიონებში და ასე გაგრძელდა მანამ, სანამ საქართველო ხელახლა არ დაიპყრო.


პ - პური

პური თონეში ცხვება. თონე ცილინდრული ფორმის ფართოპირიანი თიხის ნაკეთობაა, რომელსაც მტკიცედ დგამენ მიწაში, მის ფსკერზე კი ცეცხლს ანთებენ. მცხობელები გახურებულ თონეში ჩაეკიდებიან და მოზელილ ცომს მოგრძო, ან მრგვალი ფორმისას, თონის შიდა, გახურებულ კედლებზე აკრავენ.

ასე ცხვება პური და ეთნოგრაფიულად საინტერესო პროცესია, თუმცა ქართული პური საქართველოში მხოლოდ ეთნოგრაფიული ნაშთი არ არის. თონის პური ყველაზე პოპულარული პროდუქტია ქვეყანაში.

თანაც, პური, მხოლოდ პური არ არის. საქართველოს ბევრ რეგიონში, როდესაც გეტყვიან პური ვჭამოთო, პურს სულაც არ გულისხმობენ, არამედ სადილობას. აქედან კი იწყება ქართული სამზარეულო, რომელიც ეროვნული თვითაღქმის ერთ-ერთ საყრდენს წარმოადგენს.

ქართული სამზარეულო ისეთივე მრავალფეროვანია, როგორიც მთლიანად ქვეყანა. მას ძლიერირეგიონალური ნიშანი ადევს, რაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდის მასთან ურთიერთობას. მაგალითად, კახურ ხაშლამას ვერაფრით დაუკავშირებ მეგრულ ღომს, იმერეთში გასინჯული ხაჭაპური კი ვერაფერს გეტყვის ხევსურული ხინკლის შესახებ.

ქართულ სამზარეულოში შეიძლება დალანდო მრავალი კვალი, ხმელთაშუა ზღვიდან ინდოეთამდე. მისი სიღიავე საუკუნეთა განმავლობაში ალბათ მართლაც შესაშური იყო, შედეგი კი საუცხოო გამოვიდა. სამზარეულო ის არის, რითაც ალბათ ყველაზე სწრაფად ცნობენ საქართველოს და მის გემოს.


ჟ - ჟრიამული

ეს ძველთაძველი სიტყვაა და ქართულად ერთად შეკრებილი ხალხის ხმაურს ნიშნავს.

შუა საუკუნეების ლექსიკონთა განმარტებით, ეს ხმაური ან კეთილი, ან ავი, ან სულაც უსუსური ხმოვანი ერთობაა. ამას შუა საუკუნეებიც არ სჭირდება, უბრალოდ ქართველთა კოლექტიურ მეხსიერებაში ჟრიამული უფრო ხალისიანი შეკრებისას ამოთქმულ მრავალ ხმათა სიგრძეს და სიძლიერეს ნიშნავს.

ასეთი რამ კი ხშირია საქართველოში. ეს შეიძლება იყოს სწავლის დასაწყისი რომელიმე სკოლაში, ან მეგობართა დახვედრა აეროპორტში, ან სხვა რამ ასეთი: იმპროვიზირებული, სულ პატარა სასიამოვნო ამბავი.

ესეც რომ არ იყოს, საქართველო გრძელი და ხალხმრავალი წვეულებების ქვეყანაა. ეს წვეულებები კი გაჯერებულია ღვინით, მრავალფეროვანი საკვებით და ხალისით, ასეთი ერთობა კი იოლად გადაიზრდება ხოლმე ჟრიამულში. მართალია, ქართული სუფრის ტრადიციული ხელმძღვანელი, თამადა გამუდმებით მოუწოდებს ხოლმე მომლხენებს სიჩუმისა და წესრიგისაკენ, რათა მორიგი სადღეგრძელო შესთავაზოს, ქართული ჟრიამული მხოლოდ რამდენიმე წამით წყდება ხოლმე, მერე კი ისევ გამოცოცხლდება ხოლმე, უცნაური პერიფერიული სიამოვნების შესაქმელად.


რ - რუსთაველი

ჩვენ ბევრი არაფერი ვიცით შოთა რუსთველის შესახებ, იმის გარდა რომ ის ცხრაასი წლის წინათ ცხოვრობდა. ეგებ სიცოცხლე იერუსალიმში დაასრულა, ქართველთა ჯვრის მონასტერში, რომლის კედელზეც შემორჩა მისი, თეთრწვერა მოხუცის, მონასტრის შემწირველის გამოსახულება.

ასეა, თუ არა, შორეული ეპოქის ეს წარმოუდგენელი ინტელექტუალი ავტორია მაღალი პოეზიით და რენესანსის იდეალებით გაჯერებული 1600 სტორფიანი ეპიკური პოემისა, რომელსაც ვეფხსიტყაოსანი ჰქვია და რომელიც საუკუნეების მანძილზე კონსტიტუციად იქცა საერო საქართველოსთვის, ხოლო ქართული ლიტერატურისთვის სიმაღლის ნიშნულად. რუსთველის შემდეგ ქართველი მწერალიცა და მკითხველიც შედევრზე ორიენტირებული გახდა.

ქართული ლიტერატურა საქართველოსთვის ყოველთვის იმაზე მეტს ნიშნავდა, ვიდრე უბრალოდ ლიტერატურა. თექვსმეტსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში ქართულ ლიტერატურას აღმოსალვური გავლენაც საკმაოდ განუცდია, ბიზანტიურიც, რუსულიც, საბჭოთა ეპოქის მარწუხებშიც ყოფილა, მაგრამ მისი ყველაზე შთამბეჭდავი ნიმუშები ყოველთვის შეიცავდნენ ხილულ ევროპულ მექანიზმებს და მისწრაფებებს. ეგებ რუსთაველი ამის ნიშნულიც იყო.

იყო ეპოქები, როცა მწერალი საქართველოში წინამძღოლიც იყო, წინასწარმეტყველიც, ქვეყნის მთავარი დამცველიც, მაშენებელიც და მთავარი იმედიც, ამ დროს კი მწერლობა მიაბიჯებდა რომანტიზმიდან ფუტურიზმამდე. ლიტერატურა წინ მიდიოდა, ებმოდა ევროპას.

იყო სხვა ეპოქებიც, როცა უცხოეთში გადაკარგული უდიდესი პოეტის მთელი სიცოცხლის ნააზრევი რაღაც განგებით ბრუნდებოდა ქვეყანაში და ახალი სისხლით ავსებდა ლიტერატურას. ყველაფერი იყო, რადგან ეს ლიტერატურის ქვეყანაა.


ს - სტალინიზმი

1937 წლის 22 ივლისს საქართველოს საბჭოთა მწერალთა სასახლის შენობაში შევიდა პოეტი პაოლო იაშვილი.

იმ დროს იქ მიმდინარეობდა მწერალთა სხდომა, რომელზეც მტერნი თუ მოყვარენი, იძულებით, თუ მონდომებით, პაოლო იაშვილის, როგორც ხალხის მტრის საკითხს განიხლავდნენ. იმ დროს ასეთი კრებებიდან ერთი ნაბიჯი იყო დაპატიმრებამდე და წამებით სულის ამოხდამდე. პაოლო იაშვილს თან ჰქონდა სანადირო თოფი. ის ავიდა შენობის ზედა სართულზე და თავი მოიკლა.

კრების თავმჯდომარემ გამოაცხადა, რომ იაშვილმა თვითმკვლელობით პროვოკაცია მოაწყო. ეს დიდ ხარვეზად ითვლებოდა, რადგან მსხვერპლი ხელიდან გასხლტა. იაშვილის სიკვდილი სამარცხვინო გაქცევად, სამართლისადმი თავის არიდებად მოინათლა. საქმე გაიიოლაო.

მეოცე საუკუნის 20-იანი წლებიდან ოცდაათზე მეტი წლის განმავლობაში, საქართველო იმყოფებოდა პერმანენტული რეპრესიების, ხვრეტისა და წამების რეჟიმში. ანტისაბჭოთა აჯანყებების ჩახშობის, სოციალური თანასწორობის დამყარების, მერე კი ქვეყნის ხალხის მტრებისგან გაწმენდის მანქანამ საქართველოდან წაიღო იმდენი სიცოცხლე, რამდენსაც მისწვდა. ამ სიცოცხლეებთან ერთად კი წაიღო, საუკეთესო აზროვნება, საუკეთესო ღირსება და საუკეთესო სინდისი, რაც ამ ქვეყანას ეგროვებინა.

საქართველო იყო ერთი მანამდე, და სულ სხვა მერე. სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული, - წერდა პოეტი, როდესაც თითქოს ეს ყველაფერი დამთავრდა. იაშვილმა თავი მოიკლა, არ მიანიჭა მათ მისი დასჯის სიამოვნება.


ტ - ტყემალი

ტყემალი ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ხილია. მსოფლიოში მას დიდად არ ჭამენ და, მითუმეტეს, მისგან არც საწებელს ამზადებენ. საქართველოში კი, ტყემლის საწებელი ყოველდღიურობის ნაწილია.

ამ საწებლის სტანდარტი არ არსებობს. მას იმდენი გემო აქვს, რამდენი ბებიაც არსებობს

საქართველოში. ტყემალი განთქმული ნოსტალგიური პროდუქტია უცხოეთში მცხოვრები

ქართველებისთვის და ლამის ყოველი მესამე ამანათის აუცილებელი შემადგენელიცაა. კიდევ მეტი, გაზაფხულის საბოლოოდ და მტკიცედ დადგომის უტყუარი ნიშანი სწორედ ტყემლის მზადების დასაწყისია. ამ სახალისო რამეებს კი, ერთი უბრალო რამ უდევს საფუძვლად, არ არსებობს უგემური ტყემლის საწებელი, ისევე, როგორც არ არსებობს ცუდი ბებია.


უ - უბანი

ქართულ ქალაქებს ოდითგანვე ისეთი აგებულება ჰქონდა, რომ სიტყვა უბანი ძალიან სცილდებოდა ქალაქის რომელიღაც ნაწილის საქალაქო გეგმაზე დატანილ მოხაზულობას.

აქ უბანი არა მხოლოდ გეოგრაფიაა, არამედ სოციუმის ერთგვარი სამუდამო ერთობის კვლავაც ცოცხალი ადგილი, სადაც უამრავი რამ თითქმის ისეთივე შინაურულია, როგორც ოჯახში.

დღევანდელი ურბანიზაცია-ჯენთრიზაციის პირობებში, როდესაც საუკუნო უბნების ადგილს

მრავალსართულიანი დასახლებები იკავებს, უბნის როგორც ერთობის ფენომენი იქაა ცოცხალი, სადაც ოდესღაც ქალაქები ფუძნდებოდა.

საქართველოს ქალაქებში კვლავ ნახავთ უბნებს, სადაც სახლების კარებს არ კეტავენ, სადაც ადამიანები ქუჩაში გამოეფინებიან ხოლმე ჭირისა, თუ ლხინის დროს და სადაც სამეზობლო ურთიერთდახმარების სისტემა წვრილმანებამდე მუშაობს. ეს მომხიბვლელი, წარმავალი კულტურაა, რომელიც გვარიანად დაამახინჯა დიდი ქალაქების ულმობელმა სულმა, მაგრამ მაინც დაუტოვა შინაურობისა და ნდობის განუმეორებელი შეგრძნება.


ფ - ფიროსმანი

მაღალი, ხმელი, მარტოხელა კაცი, არცთუ მოვლილი სამოსით, ძუნწი სიტყვა-პასუხთა და დარდიანი გამოხედვით, ერთხანს რკინიგზის კონდუქტორი, მერე უიღბლო წვრილი ვაჭარი, რომელიც სამოც წელს მიტანებული, უპატრონოდ გარდაიცვალა პირველი მსოფლიო ომის მიწურულს და მისი საფლავიც სამუდამოდ გაქრა.

ნიკო ფიროსმანი ერქვა ამ კაცს, თვითნასწავლ მხატვარს, გენიოსს და ჯადოქარს, რომლის გარეშეც საქართველო კარგახანია წარმოუდგენელია. საქართველო რომ სადღაც გადამალულიყო და თავისი არსებობის მოწმობად მხოლოდ ფიროსმანის ტილოები გამოეფინა, მის შესაცნობად მეტი არაფერი იქნებოდა საჭირო.

მაგრამ ქართული სახვითი ხელოვნება, არ იწყება და არ მთავრდება ფიროსმანით. ფიროსმანს ზურგს უმაგრებს მრავალსაუკუნოვანი ქართული კედლის მხატვრობა, 19-ე საუკუნის თბილისური პორტრეტი, მთელი კულტურული სივრცე და ტრადიცია. ფიროსმანის დროება კი ქართული მხატვრობის ბუმის პერიოდია. ქვეყნის ხანმოკლე დამოუკიდებლობაც (1918-1921 წ.წ.), თითქოს ამის ნიშანია. მანამდე კი, 20-ე საუკუნის დასაწყისიდან ქართველი მხატვრები წვდებიან პარიზს, მერე კი მოდის ქართული ავანგარდი, ასევე, „ქართველ ხელოვანთა საზოგადოება“, რომლის შექმნის ერთ-ერთი მთავარი მიზანიც,

ეროვნულ ფასეულობათა შეგროვება და გადარჩენა იყო. დაპყრობილი ქვეყნისთვის, ეს ყოველთვის მნიშვნელოვანი რამაა.

სწორედ ამ თვისებამ თავიდანვე განაპირობა ევროპული და ქართული ავანგარდული მხატვრობის ერთგვარი, მაინც მნიშვნელოვანი, სხვაობა. მხატვართა შორის ერთადერთ თეორეტიკოსს – დავით კაკაბაძეს მიაჩნდა, რომ თანადროული ქართული ხელოვნება უნდა ყოფილიყო „თანამედროვე და ეროვნული“ და, ამასთანავე, გაება უხილავი ძაფები ევროპასთან. ამ ეპოქაში საქართველო გლობალურ სახელოვნებო პროცესთან თანაზიარი იყო.

მერე კი დადგა საბჭოთა ეპოქა: წნეხის, შევიწროვების, ჩაკეტილობის, ფარული გამოფენების, ოფიციალური და არაოფიციალური მხატვრობის ათწლეულები, რასაც აუცილებლად მოჰყვა თავისუფლება. თავისულფებას კი შემოქმედების გათავისულფება და ღიად მონაწილეობა მსოფლიო პროცესში.


ქ - ქვევრი

ქვევრი მარცვლეულის და ღვინის შესანახი თიხის ჭურჭელია, დიდი, კვერცხის ფორმისა და კონუსიებური ბოლოთი.

მისი ოსტატები დღესაც საქმიანობენ საქართველოში, რადგან, იმის მიუხედავად, რომ ხმელთაშუა და შავი ზღვების ბევრ ქვეყანაში ის მხოლოდ ისტორიის და მუზეუმის ნაწილად დარჩა, საქართველოში ის კვლავ ცოცხალია. სულ მცირედ რომ ვიკვლიოთ სიტყვა ქვევრის ქართული ძირი, მივხვდებით, რომ საქართველოში ქვევრებს მიწაში ფლავენ და, შესაბამისად, ღვინოსაც მიწაში ინახავენ.

საქართველო ვაზის ქვეყანაა, უფრო მეტად კი ღვინის. აქ თითქმის ყველა გლეხს, დიდი თუ არა, პატარან ვენახი აქვს და საკუთარ ღვინოს აყენებს. ღვინო კი საქართველოში სწორედ ქვევრში ყენდება. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ღვინის დაწურვის, შენახვისა და მოხმარების არქაული წესებია შემონახული, რაც მეღვინეობის სხვა ცენტრებში დაკარგულია.

საქართველოს ტყეებში დღემდე შემორჩენილია ველური ვაზი, მეცნიერული მონაცემები კი გვიჩვენებს, რომ ვაზის მოშინაურება, მართლაც აქ მოხდა: მსოფლიოში ჯერჯერობით უძველესი კულტურული ვაზის ნამარხი წიპწები აღმოჩენილია საქართველოში, ნეოლითური ხანის ნამოსახლარებზე ხრამისა და მაშავერის ორმდინარეთში. ნამოსახლარები ძვ.წ. VI ათასწლეულს განეკუთვნება.

საქართველოში ვაზის 500-მდე საღვინე და სუფრის ჯიშია ცნობილი, ვაზის ქართული ჯიშების

სახელწოდებები, კი როგორც წესი, იმ მიკროზონასთან არის დაკავშირებული, სადაც ესა თუ ის ჯიშია გავრცელებული, რაც მის ადგილობრივ წარმოშობაზე მეტყველებს.

როგორც წარმართულ, ისე ქრისტიანულ საქართველოში, ყურძენს, სრულიად საკრალური მნიშვნელობა აქვს.

ქვევრი კი უკვდავია, 2013 წელს ქვევრში ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.


ტექსტის ავტორი: აკა მორჩილაძე 
პროდუსერი და არტ დირექტორი: დავით რიკიაშვილი 
კრეატიული ჯგუფი: ელენე ჭავჭანიძე, თორნიკე ბოკუჩავა, თაკო ჩხაიძე, ეთო გზირიშვილი, ანი ასათიანი, ნესტან ნიჟარაძე, ლიზა ასათიანი, თეა გოროზია, ზურა ჯიშკარიანი 
გრაფიკული დიზაინი: გიორგი ბოხუა, თამარ ჭაბუკიანი 
პროექტის მენეჯერი: ელენე ჭავჭანიძე 
სტრატეგიული მენიჯერი: მარიამ ფერიშვილი 
მედია მარკეტერი: ანი ყურაშვილი 
ტექნიკური დირექტორი: სანდრო ოტიაშვილი