CHOOSE YOUR COLOR
LIGHT
DARK

როგორ შევქმნათ ლოგო? - მოკლე სახელმძღვანელო

თუ სტარტაპერი ხარ და ცდილობ, ოპტიმალურად გაანაწილო ისედაც მცირე ბიუჯეტი, მაშინ ჩვენ პრიორიტეტების დასახვაში დაგეხმარებით და დეტალურად აგიხსნით, რაში გჭირდება ლოგო. ჩვენი ბლოგპოსტი იმ შემთხვევაშიც გამოგადგება, თუ უბრალოდ გაინტერესებს, როგორ იქმნება ხარისხიანი ლოგო.

გახსენდება რომელიმე მსხვილი ბრენდი ლოგოს გარეშე? ასეთი ბრენდი ბუნებაში არ არსებობს. არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებს, კომპანიაზე წარმოდგენა, პირველ რიგში, ლოგოს მიხედვით ექმნებათ. ალბათ, ძალიან გინდა, შენი კომპანიის ლოგო გამორჩეული იყოს, თუმცა სავარაუდოდ არ იცი, როგორ მიიღო სასურველი შედეგი.

არ იდარდო, ჩვენი გზამკვლევი ნაბიჯ-ნაბიჯ აგიხსნის ყველაფერს, რაც იდეალური ლოგოს შესაქმნელად დაგჭირდება - დაწყებული ლოგოს ზოგადი მახასიათებლებით და შენი ბრენდის იდენტობით, დამთავრებული უშუალოდ ლოგოს დიზაინზე მუშაობით.



5 ნაბიჯი ლოგოს შექმნისათვის:

1. გაიაზრე, რისთვის გჭირდება ლოგო.

2. სანამ ლოგოს კეთებას დაიწყებ, დაგეგმე.

  • განსაზღვრე შენი ბრენდის იდენტობა

  • იპოვე შთაგონება

  • შეისწავლე კონკურენტები

3. დაიწყე ლოგოს დიზაინზე მუშაობა

  • აირჩიე დიზაინის სტილი

  • შეარჩიე ლოგოს შესაფერისი ტიპი

  • ყურადღება მიაქციე ფერებს

  • სწორად შეარჩიე ტიპოგრაფიკა 

4. მართე დიზაინის შექმნის პროცესი

  • შეინარჩუნე კავშირი დიზაინერთან

  • შეაფასე ვარიანტები

  • გავრცელებული შეცდომები, რომელიც არ უნდა დაუშვა

5. გამოიყენე ლოგო


1. გაიაზრე, რისთვის გჭირდება ლოგო


ლოგო შენი ბიზნესის ერთგვარი სავიზიტო ბარათია. ის პირველია, რასაც პოტენციური მომხმარებლები დაინახავენ, ამიტომ მათ გემოვნებაზე მორგებული, საუკეთესო ვერსია უნდა შესთავაზო.

ლოგო შენს ბრენდზე პირველად ინფორმაციას გასცემს. ხშირად, მომხმარებელი მხოლოდ ლოგოს მიხედვით საზღვრავს, რამდენად უნდა შენს ბრენდთან ურთიერთობის დაწყება.

არც ის უნდა დაგავიწყდეს, რომ ლოგო ერთჯერადი გამოყენებისთვის არ იქმნება, ის იქნება ყველგან და ყველაფერზე, რაც შენს კომპანიას ეხება - ვებგვერდზე, შეფუთვაზე, სავიზიტო ბარათზე, უბრალო ბლანკზეც კი. შესაბამისად, უნდა შეეცადო, რომ შენი ლოგო განსაკუთრებით თვალშისაცემი იყოს და თანაც კონკურენტების ლოგოებისგან გამოირჩეოდეს.


2. რა უნდა გააკეთო ლოგოს დიზაინამდე?

განსაზღვრე შენი ბრენდის იდენტობა

შენი ლოგო ბრენდის ხასიათს უნდა გადმოსცემდეს. პირველ რიგში, განსაზღვრე, როგორია შენი ბრენდი? როცა ზედმიწევნით გეცოდინება, რა აქცევს შენს ბრენდს უნიკალურად, ლოგოს დიზაინზე მუშაობა გაგიადვილდება.

თუ არ იცი, საიდან დაიწყო, კითხვებს მიჰყევი:

  • რატომ დავიწყეთ ეს ბიზნესი?

  • ჩვენთვის, როგორც კომპანიისთვის, რა შეხედულებები და ღირებულებებია მნიშვნელოვანი?

  • რას ვაკეთებთ სხვებზე უკეთ?

  • რა გვაქცევს განსაკუთრებულად?

  • ჩვენი ბრენდი სამი სიტყვით რომ აღვწეროთ, რომელ სამ სიტყვას გამოვიყენებთ?

  • იდეალურ შემთხვევაში, რომელი სამი ზედსართავით უნდა აღგვწერონ მომხმარებლებმა?


იპოვე შთაგონება

დიზაინის შექმნის თვალსაზრისით, ყველაზე რთული შთაგონების პოვნაა. ამიტომაც, რჩევები მოგიმზადეთ.


დაიწყე ბრეინშტორმინგით

თუ გინდა, რომ ლოგოს მკაფიო კონცეფცია უმაგრებდეს ზურგს, იდეების შეგროვება დროულად დაიწყე. ბრეინშტორმინგი დაგეხმარება გამოკვეთო განსხვავებული მოსაზრებები, მიზნები და შემოქმედებითი იდეები.

  1. ნუ გადაუხვევთ ბრეინშტორმინგის მთავარ წესს - გააჟღერეთ და ჩაიწერეთ ნებისმიერი იდეა. ყველაზე უსარგებლო იდეის გახმოვანებამ შეიძლება ჭეშმარიტებამდე მიგიყვანოთ.
  2. იფიქრე სამიზნე სეგმენტივით - ნუ გაცდებით იმ ადამიანების მსოფლმხედველობას, ვისაც თქვენი კომპანია უნდა მოემსახუროს. ყოველთვის გახსოვდეს, რა არის მნიშვნელოვანი მათთვის, რა მოსწონთ და რა მიაჩნიათ მიუღებლად. ჩამოწერეთ ის სიტყვები, რომელიც გგონიათ, რომ თქვენს ბრენდს აღწერს და ჩამოწერეთ ის ზედსართავებიც, რომელიც თქვენს კომპანიასთან მიმართებით გინდათ, გაჟღერდეს.
  3.  ჩართე ყველა - ნუ მიიღებ ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს. ჩართე თანამშრომლები სხვა დეპარტამენტებიდან, დაუძახე ბიზნესპარტნიორებს ან თუნდაც, მეგობრებს. საწყის ეტაპზე, განსხვავებული მოსაზრებების მოსმენა უკეთესი შედეგის მიღწევაში დაგეხმარება.

როცა საქმე ლოგოზე მიდგება, შაბლონური ნუ იქნები. ორიგინალურმა გადაწყვეტამ, შესაძლოა, ბაზარზე გამოგარჩიოთ და ასე ბრენდის უნიკალური ხასიათის გადაცემაც უკეთ შეძლოთ.

შექმენი მუდბორდი

ლოგოზე მუშაობა მხოლოდ ვერბალური და წერილობითი მოთხოვნებით არ შემოიფარგლება. შთაგონებისთვის საუკეთესო გზა ე.წ. მუდბორდის შექმნაა. თუ დრო გაქვს, მასალების დაბეჭდვა, ამოჭრა და ერთ სივრცეში შეკრება, ცუდი არ იქნება, მაგრამ შეგიძლია ციფრული ინსტრუმენტებიც გამოიყენო და შენი მუდბორდი Pinterest-ზე შექმნა. შეაგროვე ის სურათები, რომელიც მოგწონს, შეკრიბე ყველაფერი - ლოგოები, ილუსტრაციები და გრაფიკული ნამუშევრები. ამ მეთოდით მალე აღმოაჩენ, რომელი სტილი მოგწონს.

დაიწყე ფიქრი, როგორ უნდა გამოიხატოს შენი ბიზნესი ლოგოში? აირჩიე ბრენდის ესთეტიკა - ვინტაჟური სტილი თუ ხმამაღალი, მკაფიო და თანამედროვე გამოსახულება?


შეისწავლე კონკურენტები

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ინოვაციური პროდუქტით აპირებ ბაზარზე შესვლას, კონკურენტებს მაინც გადახედე. რა თქმა უნდა, არ გვგონია, რომ იდეები სხვებს უნდა მოპარო, მაგრამ გირჩევთ, კარგად შეისწავლო რას აკეთებენ დანარჩენები. როგორი ლოგოები აქვთ? ყველაზე მეტად რომელი მოსწონს სამიზნე აუდიტორიას? გამოკვეთე, რითი გინდა იყო განსხავებული და იმაზეც იფიქრე, როგორ ასახავ განსხვავებებს ლოგოს დიზაინში.

თუ გინდა, რომ განსხვავება შენსა და კონკურენტებს შორის ძალიან მკაფიო იყოს, რაიმე რადიკალურად განსხვავებული უნდა შექმნა. მაგალითად, თუ ბიზნესების უმეტესობა შენს სფეროში მონოქრომულ დიზაინს იყენებს, შენ ლოგოში ფერები შეიტანე. თუ ყველას ტრადიციული სტილი აქვს არჩეული, თანამედროვე და სახალისო ლოგო მეტ ყურადღებას მიიქცევს.


3. დაიწყე ლოგოს დიზაინზე მუშაობა

რადგან უკვე იცი როგორია შენი ბრენდი და შთაგონებულიც ხარ, დროა, ცოდნა და ენერგია ლოგოში გააერთიანო. ლოგოს ვიზუალური მხარე ბევრი ელემენტისგან შედგება - ფერები, ფორმები, გრაფიკა და ტიპოგრაფიკა. თითოეულ კომპონენტს ცალ-ცალკე განვიხილავთ.


აირჩიე შენი დიზაინის სტილი

პირველ რიგში, უნდა მოძებნო შესაფერისი ესთეტიკა შენი ბრენდისთვის. არ არსებობს ერთი სტილი, რომელიც ყველა კომპანიას მიესადაგება, შენ შენი კომპანიის შესაფერისი უნდა მოძებნო.

კლასიკური

ტრენდული ლოგოები შეიძლება დღეს მომხიბვლელი იყოს, მაგრამ ხვალ და ზეგ აღარ ვარგოდეს, მოდიდან გადავა და მორჩა. კლასიკური სტილი უფრო დიდხანს გამოგადგება და საშუალებას მოგცემს, მეტ ხალხს მიაწვდინო ხმა. კლასიკური სტილი მარტივი და სადაა, გამორიცხავს ჭყეტელა ფერებს, უჩვეულო გრაფიკას ან ფონტებს. კლასიკური სტილი ეუბნება მომხმარებლებს, რომ შენი ბრენდი სანდოა.


რეტრო ან ვინტაჟი

გიფიქრია, რატომ უყვართ ადამიანებს ვინტაჟი და რეტრო? იმიტომ ხომ არა, რომ ეს სტილი რომანტიკულ განცდებს უღვივებს ადამიანებს და ნოსტალგიას აღუძრავს? რეტრო სტილის გზავნილიც მკაფიოა - ბრენდისთვის მნიშვნელოვანია ისტორია და პროდუქტის ხარისხი.


თანამედროვე და მინიმალისტური

ბრენდები ხშირად ირჩევენ სადა და მინიმალისტურ სტილს. ასეთ ლოგოებში შეხვდებით ფართო თეთრ სივრცეებს, მინიმალისტურ დეტალებს და მარტივ ხაზებს. მინიმალისტური ლოგოები ხაზს უსვამს, რომ შენი ბრენდი ფეხს უწყობს თანამედროვეობას.

მსუბუქი და ხალისიანი

თუ ძირითადი სამიზნე სეგმენტი ახალგაზრდები არიან, მაშინ არაორდინალური და ხალისიანი ლოგოს შერჩევა გამართლებულია. დადებითი განწყობის შესაქმნელად, ასეთ ლოგოებში ხშირად იყენებენ ჭრელ ფერებს, სიმბოლოებს და ილუსტრაციებს.


ხელით შექმნილი

ხელით შექმნილი სტილი მკაფიო გზავნილს ატარებს: ეს ბრენდი ინდივიდუალისტური და ხელნაკეთ ხარისხზე ორიენტირებულია. ეს სტილი ყველაზე მარტივად შეიძლება შეუთავსო სხვა მიმართულებებს, აირჩიე ვინტაჟი, მინიმალისტური ან მსუბუქი სტილი სურვილისამებრ.


ერთ სტილზე ვერ შეჯერდი?

ნებისმიერი სტილი ნებისმიერ მეორეს არ უხდება, თუმცა, შენი ბრენდიდან გამომდინარე, შეგიძლია რამდენიმე მიმართულება შეათავსო, მაგალითად ხელნაკეთი და სახალისო.


შეარჩიე ლოგოს შესაფერისი ტიპი

ლოგო კომპანიის უნიკალურ იდენტობას გრაფიკულად ასახავს. სულ 7 განსხვავებულ ტიპს განარჩევენ.

ლოგოს ყველა ტიპი ტიპოგრაფიკისა და სახე-ხატების კომბინაციაა, თუმცა თითოეული ბრენდს განსხვავებულად წარმოაჩენს. თუ გაინტერესებს, რომელი ტიპი მიესადაგება შენი კომპანიის პროფილს და ღირებულებებს, კითხვა განაგრძე.

სიტყვები და ასოები

1. მონოგრამული ლოგოები


CNN, HP, HBO… ამ ბრენდებს ერთი რამე აერთიანებთ. ბაზარზე სამივე ინიციალებით პოზიციონირებს - მონოგრამულ ლოგოებს იყენებენ იდენტიფიკაციისთვის. სინამდვილეში, სამივეს გრძელი და რთულად დასამახსოვრებელი სახელები აქვს.

მონოგრამული ლოგოები მთლიანად ტიპოგრაფიკას ეფუძნება, ლოგოში რამდენიმე ასო, უმეტესად კომპანიის ინიციალები ფიგურირებს. ასეთი ტიპის ლოგოები მარტივი და ეფექტურია. გავიხსენოთ NASA-ს მაგალითიც, ორგანიზაციის სრული სახელის წარმოთქმა და ლოგოს აღქმა, თითქმის წარმოუდგენელია. ერთი მხრივ - ნასა, მეორე მხრივ - აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველო.

2. ტიპოგრაფიკული ლოგოები (ლოგოტიპები)

მონოგრამული ლოგოს მსგავსად, ტიპოგრაფიკულ ლოგოებში მთავარი გამოყენებული შრიფტია. ასეთი ლოგოები მაშინ გამოდის ყველაზე შთამბეჭდავი, როცა კომპანიას ადვილად დასამახსოვრებელი სახელი აქვს. ამ ტიპის ლოგო აქვთ Visa-ს, Coca-Cola-ს და Google-ს.



ტიპოგრაფიკა გადამწყვეტია იმდენად, რომ უმჯობესია ბრენდისთვის საგანგებო შრიფტი შექმნათ. ასოების დახრილობა, სიგრძე, სიგანე და ზომა თქვენი ბიზნესის არსს გრაფიკულად უნდა გადმოსცემდეს. მოდის სახლები დახვეწილ, ელეგანტურ ფონტებს იყენებენ, საჯარო უწყებებს კი ტრადიციული, უფრო ფორმალური შესახედაობის ასოები ურჩევნიათ.




როდის უნდა გამოიყენოთ მონოგრამული და ტიპოგრაფიკული ლოგოები? 

  • განიხილეთ მონოგრამული ლოგოს გამოყენება, თუ თქვენს ბიზნესს გრძელი სახელი აქვს. ინიციალების ხმარება დიზაინს გაამარტივებს და მომხმარებლებსაც საქმეს შეუმსუბუქებს, უფრო ადვილად გაიხსენებენ კომპანიასაც და ლოგოსაც.
  • ტიპოგრაფიკული ლოგო მაშინაა ოპტიმალური, თუ ახალი ხართ ბაზარზე და თავის დამკვიდრება გინდათ. ამ შემთხვევაში, ბიზნესის სახელი ძალიან გრძელი არ უნდა იყოს, თუ გინდათ, რომ ლოგო „შეკრული“ და კოხტა გამოვიდეს.
  • ტიპოგრაფიკული ლოგოს არჩევა იმ შემთხვევაშიც აწონ-დაწონეთ, თუ განსაკუთრებული სახელი გაქვთ, რომელიც დიდი ალბათობით, მომხმარებლებს აეკვიატებათ.
  • ორივე ლოგოს ტიპი სხვადასხვა მასალაზე ადვილი გამოყენებადი და გადასატანია, შესაბამისად, ამითაცაა მომგებიანი ახალი ბიზნესებისათვის.
  • არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ამ ტიპის ლოგოების შექმნა შრომატევადია და ტექნიკურად ძლიერი დიზაინერების გუნდის ჩართულობას მოითხოვს. ლოგოს შემქმნელებმა ასოების თითოეულ მონასმს დიდი ყურადღება უნდა დაუთმონ, იმისთვის, შედეგი შთამბეჭდავი გამოვიდეს.


სურათები და სიმბოლოები

3. გრაფიკული ნიშნები (ლოგო-სიმბოლოები)

ლოგო-სიმბოლო ის ტიპია, რომელიც პირველი გვახსენდება, როცა ლოგოებზე ვფიქრობთ - Apple-ის ჩაკბეჭილი ვაშლი, Twitter-ის ჩიტი... ასეთი გამოსახულებები მსხვილ ბრენდებს აქვთ, რომლებსაც კომპანიის სახელის მითითება არ სჭირდებათ და მხოლოდ სიმბოლოთი მარტივად ცნობენ. ლოგოს ამ ტიპის გამოყენება დამწყები ბიზნესებისათვის სარისკოა.



არჩეული ნიშანი ან სიმბოლო მთელი კომპანიის ღირებულებებს და საქმიანობას უნდა ასახავდეს. გააჩნია, რა გჭირდება - ემოციის აღძვრა, ბრენდის ფილოსოფიის კომუნიკაცია, კომპანიის სახელის ჟღერადობის და სიმბოლოს ორიგინალურად დაკავშირება თუ რამე სხვა. მაგალითად, ბუნების მსოფლიო ფონდის ლოგოზე სიმბოლურად პანდაა გამოსახული, როგორც გადაშენების პირას მყოფი სახეობა. 

4. აბსტრაქტული ლოგოები

აბსტრაქტული ლოგოები ლოგო-სიმბოლოების განსაკუთრებული ნაირსახეობაა. ამ შემთხვევაში, საქმე ადვილად აღქმად სიმბოლოებთან (ჩიტი, სახლი, ვაშლი) არ გვაქვს, არამედ აბსტრაქტულ, გეომეტრიულ ფორმებს ვუყურებთ. ასეთი ლოგო აქვს პეპსის, ნავთობისა და გაზის კორპორაცია BP-ს, Adidas-ს. აბსტრაქტული ლოგო საშუალებას მოგცემს, შექმნა უნიკალური და გამორჩეული სიმბოლო, თუმცა ასეთი სიმბოლოების აღქმა და კომპანიის იდენტიფიკაცია, შედარებით რთულია. ფერებისა და გეომეტრიული ფორმების გამოყენებით, განსაკუთრებული ემოციის აღძვრა შეგიძლია მაინც სცადო. მაგალითად, Nike-ს სიმბოლო მინიმალისტურად და გემოვნებიანად ახერხებს, ასახავდეს მოძრაობასა და თავისუფლებას. 

5. თილისმები


შენი კომპანიის წარსადგენად, შეგიძლია ილუსტრირებული პერსონაჟი გამოიყენო. წარმოიდგინე, რომ ეს გმირი შენი ბრენდის ელჩია. M&M-სის, KFC-ის შემთხვევებში, სწორედ თილისმებთან გვაქვს საქმე. პერსონაჟების შექმნა მაშინ მუშაობს ყველაზე კარგად, როცა საქმე ოჯახებს და ბავშვებს ეხება. თილისმები ძალიან პოპულარულია სპორტშიც, რადგან პერსონაჟების გამოყენება სპორტულ ღონისძიებებზე შეიძლება.



როდის უნდა გამოიყენო სურათებიანი და სიმბოლოებიანი ლოგოები?

  • ლოგო-სიმბოლოების გამოყენება მაშინაა მიზანშეწონილი, თუ უკვე ცნობად, მსხვილ ბრენდს ეხება საქმე. წესის დარღვევა შეიძლება, თუ ძალიან გინდა, კონკრეტული იდეა ან ემოცია გადმოსცე.
  • ლოგო-სიმბოლოები და აბსტრაქტული ლოგოები იმ შემთხვევაშია საუკეთესო არჩევანი, თუ გლობალურ ბიზნესზე გვაქვს საუბარი. ზოგიერთი სახელი ლამაზად არ ითარგმნება და სჯობს, მხოლოდ სიმბოლოთი იყოს გამოსახული.
  • ლოგო-სიმბოლოს გამოყენებას არ გირჩევდით იმ შემთხვევაში, თუ არსებობს დიდი ალბათობა, რომ ბიზნესმოდელს შეცვლი. თუ ლოგოზე პიცას დაიტან და შემდეგ ხინკლის გაყიდვაზე გადახვალ, მომხმარებელი, შესაძლოა, დაიბნეს და უკმაყოფილოც დარჩეს.
  • აბსტრაქტული ლოგოები უნიკალურია, თუმცა განსაკუთრებულ პროფესიონალიზმს მოითხოვს. კომპეტენტურმა და გამოცდილმა დიზაინერმა გემოვნებიანად უნდა შეათავსოს ფერები, ფორმები და სტრუქტურა.
  • იფიქრე თილისმაზე, თუ ბევრი ღონისძიების ორგანიზება შენს გეგმებშია. თილისმა გამოგადგება ციფრულ სამყაროშიც და რეალურ ღონისძიებებზეც, სადაც კოსტიუმირებული მსახიობი, შენი პერსონაჟის ფორმით წარდგება.
  • გაითვალისწინე, რომ თილისმის დატანა ყველა მასალაზე გაგიჭირდება. დეტალიზებული ილუსტრაცია რთული გადასატანია სავიზიტო ბარათზე, გამოსახულება პატარა უნდა იყოს, დეტალები კი მახინჯდება.


6. კომბინაციური ლოგოები

ასეთი ლოგოები სიმბოლოს და სიტყვას აერთიანებს, ბრენდის სახელი ან სიმბოლოს გვერდითაა, ან პირდაპირ სიმბოლოშია ინტეგრირებული. მომხმარებლები სახელსაც და სიმბოლოსაც პირდაპირ კომპანიასთან აკავშირებენ.

თუ გინდა, რომ სახელი დაიმკვიდრო და მომხმარებლებისვის მკაფიო ასოციაციური ჯაჭვი შექმნა, კომბინაცია კარგი ვარიანტია. ერთი გასროლით ორ კურდღელს კლავ, შენი კომპანიის სახელსაც აჟღერებ და კონკრეტულ სიმბოლოში სათქმელსაც ატევ.


7. ემბლემები


 ემბლემების შემთხვევაში, ტექსტი ტრადიციულ ფორმაშია ინტეგრირებული. ასეთი ლოგოები გადატვირთული გრაფიკული ელემენტებით და ტექსტით გამოირჩევა. ემბლემებს ყველაზე ხშირად უნივერსიტეტები, საჯარო უწყებები, სკოლები და მსგავსი სპეციფიკის დაწესებულებები იყენებენ. საინტერესოა, რომ ემბლემებმა თავისებური მოდერნიზაციაც განიცადეს და ბრენდებმა 21-ე საუკუნეს აუწყვეს ფეხი, გაიხსენე Starbucks-ის ლოგო და დაგვეთანხმები, რომ სულაც არ არის ზედმეტად ტრადიციული ან ძველმოდური.

ემბლემის შემთხვევაში პრობლემა კვლავ სხვადასხვა მასალაზე ლოგოს დატანაა. როცა გამოსახულება ძალიან მცირდება, ლოგო აღქმადობას კარგავს.


როდის უნდა გამოიყენო კომბინაციური ლოგოები ან ემბლემები:

  • კომბინაციური ლოგო თითქმის ყველა ბიზნესს შეეფერება. ყველაზე ხშირად კომპანიები სწორედ ამ ვარიანტს ირჩევენ.

  • ემბლემას საჯარო უწყებები და სკოლები ანიჭებენ უპირატესობას, თუმცა კერძო კომპანიებსაც თავისუფლად შეუძლიათ გამოიყენონ შესაძლებლობა - ემბლემები განსაკუთრებით უხდება საჭმლის ან საკვების მწარმოებელ კომპანიებს და ობიექტებს. დეტალებთან სიფრთხილე გმართებთ, მასალების ბეჭდვისას ან დამზადებისას, პრობლემები რომ არ შეგექმნათ.


ყურადღება მიაქციე ფერებს

ყველა ფერი განსხვავებულ ემოციას აღძრავს და ფერების მიღმა იდეებიც, სხვადასხვაა.

წითელი - ვნებას, მრისხანებას და აღტაცებას გამოხატავს. კარგი არჩევანია, თუ გინდა, რომ შენი ბრენდი ენერგიული, ხმამაღალი და ახალგაზრდული ჩანდეს.

სტაფილოსფერი - ნაკლებად მჭახე, ვიდრე წითელი, მაგრამ ანალოგიურად ენერგიული და თვალშისაცემი.

ყვითელი - ხელმისაწვდომი, ახალგაზრდული და მეგობრული. თუ გინდა, რომ შენს ბრენდსა და მომხმარებელს შორის რაც შეიძლება პატარა დისტანცია არსებობდეს, ყვითელი კარგი არჩევანია.

მწვანე - უნივერსალურია, ყველა ბრენდს ერგება. იდეალურია მათთვის, ვისაც სურს, რომ ბუნებასთან კავშირს გაუსვას ხაზი. ასევე, მომხმარებლების გამოკითხვიდან გამომდინარე, მწვანე ფერი ყველაზე მეტად ასოცირდება სანდოობასთან.

ლურჯი - კლასიკური ფერი, ხშირი არჩევანი. გამოხატავს სანდოობას და პასუხისმგებლიანობას, აღძრავს სიმშვიდის და სტაბილურობის განცდას.

იასამნისფერი - მისტიკური, ეკლექტური ან უკიდურესად ფემინური. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, იასამნისფერის რომელ ტონს შეარჩევ.

ვარდისფერი - თუ ბრენდი სინაზეს და დახვეწილობას უნდა გამოხატავდეს, ვარდისფერი შესანიშნავია.

ყავისფერი - ყველაზე მეტად მასკულინურ, ვინტაჟურ ლოგოებს უხდება. ბრენდს უნიკალურ, ცოტა ძველებურ ელფერს სძენს.

შავი - დახვეწილი, თანამედროვე და მდიდრული. თუ სიმარტივეს და სისადავეს ეძებ, შავი და თეთრი შეგიძლია შეათავსო.

თეთრი - სისუფთავის, თანამედროვეობის და მინიმალისტურობის ფერი. თანაც, თეთრი კარგად ესადაგება სხვა ფერებს.

ნაცრისფერი - თუ გინდა, რომ შენი ბრენდი კლასიკური და სერიოზული იყოს, არჩევანი ნაცრისფერზე შეაჩერე. ნაცრისფერის მუქი ტონები მისტიკურობას გამოხატავს, ღია ტონები კი ხელმისაწვდომობის განცდას აღძრავს.


ფერების შეთავსება


ბრენდის არსის სრულყოფილად გადმოსაცემად, ერთი ფერი ყოველთვის საკმარისი არ არის, თუმცა ფრთხილად უნდა იყო და ისეთი ფერები შეარჩიო, რომელიც ერთმანეთს უხდება. დააკვირდი ფერების წრეს.

ურთიერთსაწინააღმდეგო ფერები წრეზე ერთმანეთის მოპირდაპირედაა განლაგებული. ამ ფერების შეხამებით, დინამიურ და მკვეთრ ლოგოს მიიღებ.

მსგავსი ფერები წრეზე ერთმანეთთან ახლოსაა. თუ გინდა, რომ შენი ლოგო ჰარმონიულობას ასხივებდეს, მსგავსი ფერები შეარჩიე.

სამკუთხედის პრინციპით განლაგებული ფერების გაერთიანებით გაბედულ კომბინაციას მიიღებ. ასეთ დროს ფერებს სამკუთხედის პრინციპით არჩევ, ანუ იყენებ იმ ფერებს, რომელიც ტოლგვერდა სამკუთხედის წვეროებთან იქნებოდა.



სწორად შეარჩიე ტიპოგრაფიკა

ამ ეტაპზე შენ უკვე გჭირდება ფონტი, რომელიც სხვა ელემენტებს მოუხდება და ლოგოს დასრულებულ სახეს შესძენს. არსებობს ფონტის 4 ტიპი, რომელიც შეგიძლია, გამოიყენო.


Serif-ის ფონტები

Serif-ის ფონტებში ასოებს პატარა „შვერილები“აქვს, რაც შეიძლება ცოტა ძველმოდურად აქცევს ლოგოს, მაგრამ სამაგიეროდ, ასეთი ასოები თითქმის ყველა დიზაინს უხდება, განსაკუთრებით კი ვინტაჟურ და კლასიკურ ვარიანტებს.


Sans serif-ის ფონტები

თანამედროვე და სადა შესახედაობისთვის, Sans serif-ის გამოყენებაა მიზანშეწონილი. მარტივი და დახვეწილი Sans serif-ის ფონტები ყველაზე მეტად მინიმალისტურ ლოგოებს უხდება.

ხელნაწერი ფონტები

ხელნაწერთან მიმსგავსებული ფონტები უფრო ინდივიდუალისტურია, ნაკლებად მკაცრი და ფორმალური. ხელნაწერის მსგავსს ფონტებში დიდი განსხვავებაა, თქვენზეა დამოკიდებული როგორს აირჩევთ, ელეგანტურ და სუფთა ხელნაწერის მსგავსს, თუ უფრო მოშვებულ და უდარდელ ნაწერს.


დისფლეი ფონტები

დისფლეი ფონტები უკიდურესად სტილიზებული, დეკორატიული ფონტებია და ყველაზე ადვილად იპყრობს ყურადღებას.


ერთად მოუყარე თავი დიზაინის სხვადასხვა ელემენტებს

რადგან უკვე მეტნაკლებად გაიგე, რა ელემენტებისგან შედგება ლოგო, დროა, კომპონენტები შეკრიბო და ლოგოს სრულფასოვანი სახე და გამოკვეთილი ხასიათი შესძინო. მთავარია, არ დაკარგო შენი ბრენდის მუხტი და ჰარმონიულად შეკრიბო ელემენტები.


4. მართე დიზაინის შექმნის პროცესი

უნდა მოიფიქრო, რომელი გზით წახვალ - დაიქირავებ სააგენტოს, კონკურსის საშუალებით გამოავლენ საუკეთესო ლოგოს თუ ერთ ადამიანს მიანდობ საქმეს. ცხადია, ყველა არჩევანს თავისი ფასი და შესაფერისი ხარისხი აქვს.

შეინარჩუნე კავშირი დიზაინერთან

პირველი წესი, რომელიც უნდა დაიცვა, შენი მოთხოვნების და სურვილების მკაფიოდ ჩამოყალიბება და ნათლად კომუნიკაციაა. მხოლოდ ტექნიკური მოთხოვნების გადაცემა საკმარისი არ არის, დიზაინერმა უნდა იცოდეს, რას წარმოადგენს თქვენი კომპანია, რა მიზნები და ღირებულებები გამოძრავებთ, ვინ არის თქვენი პირველადი სეგმენტი და რისი ხაზგასმა გჭირდებათ. რაც უფრო მეტი ინფორმაცია ექნება დიზაინერს, მით უკეთესად შეძლებს განსაკუთრებული და თქვენს კომპანიაზე მორგებული ლოგო შექმნას.

იმის მიუხედავად, რომ ლოგო თქვენი კომპანიის იქნება, არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ დიზაინერი პროფესიონალია, ამ სფეროში მას მეტი ცოდნა და კომპეტენცია აქვს, ამიტომ, უნდა ენდოთ კიდეც. თქვენი გამოხმაურება ლოგოს ცალკეულ ელემენტებზე ან ვარიანტებზე ყოველთვის დეტალური და მკაფიოდ ჩამოყალიბებული უნდა იყოს, დიზაინერმა უნდა აღიქვას, რა მოგწონთ და რა - არა.


შეაფასე ვარიანტები

ხანდახან ხდება, რომ ლოგოს შეხედავ და ხვდები, ეს ზუსტად ისაა, რაც გჭირდებოდა. უფრო ხშირად კი, ცალსახა არჩევანს ვერ აკეთებ და ამიტომ სჯობს, დახმარება პარტნიორებს, მეგობრებს და პოტენციურ მომხმარებლებსაც სთხოვო. დასვი ზოგადი შეკითხვები საუკეთესო ვარიანტის გამოსავლენად:

  • რამდენიმე წამში გამოიცნობ რას აკეთებს ეს ბიზნესი?

  • ლოგო მარტივად დასამახსოვრებელია?

  • ლოგო უნივერსალურია? ყველა საჭირო სივრცეს და მასალას მოუხდება?

  • ლოგო დიდი ხანი გამოგადგება თუ რამდენიმე წელიწადში შესცვლელი გახდება?

  • ლოგო უნიკალურია? თუ ძალიან ჰგავს სხვა ბრენდების ლოგოებს?

  • მომხმარებლებს მოეწონებათ?

ბუნებრივია, ბრენდების მოთხოვნები ლოგოსადმი განსხვავდება. გააჩნია, სად დაგჭირდება შენი ლოგოს განთავსება ყველაზე ხშირად - ქსოვილზე, ეტიკეტზე თუ ციფრულ მასალებზე? ნუ ჩაიკეტები მხოლოდ პერსონალურ გემოვნებაში, იფიქრე, რა იქნება ყველაზე ოპტიმალური შენი კომპანიის ყოველდღიური საქმიანობისთვის.

გავრცელებული შეცდომები, რომელიც არ უნდა დაუშვა

  • არ აყვე ინდუსტრიის კლიშეებს, ნუ იქნები შაბლონური. არ გეგონოს, რომ თუ სტომატოლოგიური კლინიკა გაქვს, ლოგოში მაინცდამაინც კბილი და ჯაგრისი უნდა ფიგურირებდეს.

  • ზედმეტად ნუ გაართულებ. გენიალურობა სიმარტივეშია.

  • ნუ გადაყვები ტრენდებს. ყურადღება მიაქციე, რა არის პოპულარული, მაგრამ მთელს კონცეფციას მხოლოდ ტრენდულობაზე ნუ ააგებ.

  • ნუ იმუშავებ დამწყებთან, ეს მხოლოდ დროს და ნერვებს დაგაკარგვინებს.


რა ხდება შემდეგ?

უკვე შექმენი მყარი საფუძველი და ახლა შეგიძლია ბრენდინგის სხვა ელემენტებზე იზრუნო. დაიწყე სავიზიტო ბარათების ბეჭდვა, ეტიკეტის დიზაინის ან ვებდიზაინის კეთება. სტილი, ფერთა გამა, ფონტი და რაც მთავარია, საჭირო გამოსახულება, უკვე გაქვს. წარმატებები მომავალ საქმიანობაში!




© By Connect team