CHOOSE YOUR COLOR
LIGHT
DARK

როგორ არ უნდა ვმართოთ სოც. მედია


როდესაც გვესმის სიტყვა მედია, ავტომატურად წარმოვიდგენთ ტელევიზიას, რადიოს ან გაზეთს. ერთი, რაც სოციალურ მედიას გამოარჩევს ტრადიციული მედია საშუალებებისაგან, არის სიტყვა - სოციალური. ეს არის ბაზა, სადაც ადამიანებს აქვთ ინტერაქციის საშუალება ერთმანეთთან. სიტყვაზე რომ ავიღოთ ტელევიზია, აქ საქმე გვაქვს მხოლოდ ცალმხრივ კომუნიკაციასთან. ის გვაწვდის ინფორმაციას, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს უკუკავშირის საშუალება, არ გვაქვს საშუალება, მივაწვდინოთ ხმა ავტორს, მოგვწონს თუ არა. რაც შეეხება სოც. მედიას, აქ კომუნიკაცია ორივე მხრიდანაა.

სანამ თემაზე გადავიდოდეთ, აქვე მოგაწვდით მცირე სტატისტიკას სოციალური მედიის მნიშვნელობის შესახებ.


  • 2018 წლის მონაცემებით, მსოფლიოში, 3 მილიარდზე მეტი ადამიანი იყენებს სოციალურ ქსელებს ყოველდღიურად.
  • ყოველი 1 წამის განმავლობაში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სოციალურ ქსელებს 11 ახალი მომხმარებელი ემატება.
  • 2019 წელს ბიზნეს სექტორის 78%-ს ყავს გუნდი, რომელიც მართავს მათ სოც. მედიას.

იქიდან გამომდინარე, რომ ფეისბუქი საქართველოში ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელია, ჩვენი ბლოგიც ამ პლატფორმაზე იქნება ორიენტირებული.

პატარა სტატისტიკა ფეისბუქზეც:

  • ფეისბუქი ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელია 2.2 მილიარდი მომხმარებელით.
  • ყოველ 1 წუთში ფეისბუქზე სხვადასხვა ტიპის 1.3 მილიონი პოსტი იდება.
  • გამოკითხულთა 92% თვლის, რომ მათი ბიზნესისათვის ფეისბუქის პლატფორმა იდეალურია.

იქიდან გამომდინარე, რომ ინტერნეტი სავსეა რჩევებით, როგორ გავხადოთ ფეისბუქ გვერდი წარმატებული, როგორ მივწვდეთ მიზნობრივ აუდიტორიას და ა.შ., გადავწყვიტეთ, რომ მოგცეთ რჩევა, როგორ არ! უნდა ვმართოთ ფეისბუქ გვერდი.

თუ რაღაც გაურკვეველი მიზეზების გამო გინდათ, რომ თქვენი ფეისბუქ გვერდი იყოს თქვენი ბიზნესისთვის შეუფერებელი, თქვენი პოსტები არ ამბობდეს არაფერ ღირებულს და ერთი სიტყვით, ცუდი ფეისბუქ გვერდის ქონა გსურთ, მაშინ გააგრძელეთ კითხვა.

4 ნაბიჯი სოც. მედია კომუნიკაციისათვის:

 

  1. 1. გვერდის სახელი და იუზერნეიმი
  2. 2. პროფილი, ქავერი, ინფო
  3. 3. კონტენტი
  4. 4. რეკლამა





1. გვერდის სახელი და იუზერნეიმი

ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი ბიზნეს გვერდის შექმნისას არის სახელის შერჩევა. ამ სახელით მოგვძებნის და დაგვიმახსოვრებს ყველა. ამიტომ მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ შევარჩიოთ ისეთი სახელი, რაც კიდევ ბევრ სხვა გვერდს ქვია, რომ კარგად დავაბნიოთ მომხმარებელი, მას ხომ ძალიან ბევრი დრო აქვს, რომ გვეძებოს.

გვერდის სახელის შევსების შემდეგ გვიწევს, ავირჩიოთ იუზერნეიმი. იუზერნეიმი, რა თქმა უნდა, არ უნდა შეესაბამებოდეს ჩვენს გვერდს. მაგალითად, თუ გვერდს ქვია „ტურები უზბეკეთში“, იუზერნეიმად ავირჩიოთ “geomamuka2018”.

2. პროფილი, ქავერი და ინფო

პროფილის სურათი ხელშეუხებელია, არ ვექსპერიმენტობთ და ვაყენებთ კომპანიის ლოგოს. რაც შეეხება ქავერის ფოტოს, იქიდან გამომდინარე, რომ მაგალითისათვის ავირჩიეთ ტურისტული ბიზნესი, ზედმეტად არ ვიტკიებთ თავს ქავერის შესაქმნელად და პირდაპირ ვაყენებთ ქრისტეს ქანდაკებას რიო დე ჟანეიროდან.

გადავიდეთ About-ზე.
About-ში უნდა შევავსოთ ინფორმაცია ჩვენი ბიზნესის შესახებ, როდის დაარსდა კომპანია, რა სფეროში მოღვაწეობს, რა პროდუქტს/სერვისს სთავაზობს მომხმარებლებს და ა.შ.ეს არის გვერდის „სარჩევი“, ამიტომ საჭიროა, რომ შევავსოთ სრულყოფილად და რაც მთავარია სწორად, თუმცა ბლოგის სათაურია „როგორ არ ვმართოთ სოც. მედია“ და ამიტომ About-ის ველი უნდა დავტოვოთ შეუვსებელი. როგორც უკვე შევთანხმდით, მომხმარებელს ბევრი დრო აქვს და რაღაცნაირად გაიგებს ამ ინფორმაციას.

3. კონტენტი

და მივადექით ყველაზე საინტერესო ნაწილს - კონტენტს. აქ უნდა ჩავდოთ მთელი ჩვენი კრეატიულობა, ხედვა, გრაფიკული პროგრამების ცოდნა და მივიღოთ პოსტი, რომელსაც მომხმარებლამდე მივიტანთ.

იმისათვის, რომ პოსტი სწორად შეიქმნას, პირველ რიგში უნდა გაიაზროთ, რა აუდიტორიაზე გაქვთ გათვლა. უნდა შეირჩეს ტექსტის რაოდენობა, ტონი, უნდა იქნას გათვალისწინებული, რა ტიპის ვიზუალს ანიჭებს უპირატესობას ეს კონკრეტული სეგმენტი და ა.შ.

თანამედროვე ცხოვრების ტემპის ზრდის პირდაპირპროპორციულად იკლებს დრო, რასაც მომხმარებელი უთმობს ჩვენს პოსტს. ეს იმას ნიშნავს, რომ პოსტი, რომელსაც ჩვენს გვერდზე დავდებთ უნდა იყოს მარტივად გასაგები და საინტერესო როგორც ტექსტური მხარე, ისე ვიზუალიც (ერთი შეხედვით რომ გაიგებ ყველაფერს).

აქვე განვიხილოთ რამდენიმე პოსტი, რომელიც ნათლად გვაჩვენებს თუ როგორ არ უნდა ვმართოთ სოც. მედია გვერდი.


ნიუს ფიდზე გვხვდება პოსტი, რომელსაც არ აქვს არანაირი ტექსტური აღწერა, ხოლო ფოტოზე ჩანს შინაურ სიტუაციაში, სავარძელზე მჯდარი მამაკაცი. გვერდის სახელი (მტრები) და მამაკაცის ფოტო, რა შეიძლება რომ იფიქრო? ალბათ უკმაყოფილო მომხმარებლის მიერ შექმნილი გვერდია, რომელიც ვიღაც ბიზნესმენს თვლის ქვეყნის მტრად, იმიტომ, რომ ის არ ითვალისწინებს შრომის კოდექსით გათვალისწინებულ პუნქტებს. რეალურად, როგორც ირკვევა, ეს არის ახლად გადაღებული ფილმის (მტრები) გვერდი და ეს მამაკაცი ამ ფილმის რეჟისორია.

ამავე გვერდზე გვხვდება კიდევ ერთი მსგავსი პოსტი, თუმცა გამოსწორებულია ერთი შეცდომა - ტექსტი.


როგორც ჩანს, ამ ფილმის მთლიანი პრომოუშენი შედგება რეჟისორის ფოტოების დადებით.

4. რეკლამა 



იმისათვის, რომ მივაღწიოთ წარმატებას სოციალურ მედიაში, აუცილებელია რეკლამა. გასართობი გვერდების შემთხვევაში ეს აუცილებელი არაა, თუმცა, როცა საქმე ბიზნეს გვერდს ეხება, რეკლამის გარეშე ფაქტობრივად არაფერი გამოვა.
მიუხედავად იმისა, რომ Facebook-ის პლატფორმით სარგებლობა უფასოა, თუ წარმატების მიღწევა გნებავთ, ფულის დახარჯვაც მოგიწევთ.
რაც დრო გადის, ე.წ. Organic Reach-ი კლებულობს. ეს დაკავშირებულია Facebook-ის კომერციულ ინტერესებთან. რაც უფრო ნაკლებია Organic Reach-ი, მით მეტის დახარჯვა უწევს ბიზნეს გვერდს რეკლამისათვის.

პოსტის რეკლამაზე გაშვებამდე უნდა ჩამოვყალიბდეთ აუდიტორიაზე. აუდიტორიის გაფილტრვა ხდება სქესის, ასაკის, გეოგრაფიული მდებარეობის, ინტერესების, საქმიანობის და სხვა მრავალი ასპექტის მიხედვით.
მაგალითისათვის, თუ ჩვენ გვაქვს კოსმეტიკის მაღაზია, პირობითად, ნუცუბიძის პლატოზე, მაშინ რეკლამის გაშვება მთელ საქართველოზე და ყველა სქესის ადამიანზე იქნება ფულის ფუჭად ხარჯვა, ვინაიდან წყალაფორეთიდან (კვლავ პირობითად) არავინ ჩამოვა ხელის კრემის საყიდლად და თუ მაინც ჩამოვა ვინმე, ძალიან დაბალია იმის შანსი, რომ ეს მამაკაცი იყოს. ამიტომ აუდიტორიის გაფილტრვა შეიძლება ისე, რომ მივწვდეთ ზუსტად იმ ადამიანებს, ვინც ჩვენთვის საჭიროა.

ერთი სიტყვით, ფეისბუქ გვერდის მართვა არც ისე რთულია, მისი კარგად მართვა კი, ცოტა მეტ ძალისხმევას მოითხოვს.


სტატისტიკები: 

80+ Essential Facebook Statistics for Marketing Your Business in 2019

80 Must-Read Social Media Statistics to Know in 2019