CHOOSE YOUR COLOR
LIGHT
DARK

სლოგანის მნიშვნელობა ბრენდისათვის - როგორ შევქმნათ სლოგანი?

როცა გთხოვენ, დაასახელო რომელიმე ბრენდი, პირველ რიგში რომელი ბრენდები გახსენდება? სანამ უშუალოდ პროდუქტს წარმოიდგენ, დიდი ალბათობით კომპანიის ლოგოს, ფერების და დიზაინის ვიზუალიზაციას ახდენ, ამის შემდეგ კი ცნობიერებაში სლოგანი ჩნდება.

შევეცდებით, გამოვიცნოთ კიდეც, რომელი ბრენდები გაგახსენდა: Nike, McDonald’s, Adidas ან Coca-Cola?



საქმე ისაა, რომ ლოგო, ფერები და სლოგანი, ბრენდის იდენტობის ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტებია. ჩვენს წინა ბლოგპოსტებში უკვე მოგიყევით, რა მნიშვნელობა აქვს ბრენდისათვის ლოგოს, ფერებსა და ტიპოგრაფიკას და მოდი, ახლა სლოგანები განვიხილოთ.

სლოგანი და მთავარი გზავნილი - სად გადის ზღვარი?

თავდაპირველად სჯობს, ერთმანეთისგან სლოგანი და მთავარი გზავნილი (ე.წ. თეგლაინი) გავმიჯნოთ. მიუხედავად მათი უდიდესი მსგავსებისა, განსხვავება მაინც არსებობს. ძირითადად სლოგანსაც და ე.წ. თაგლაინსაც ერთნაირად იყენებენ, მაგრამ ისინი განსხვავებულ მიზნებს ემსახურება. სლოგანი მოკლედ გადმოსცემს ბიზნესის მისიას, ფილოსოფიას, ხედვას, ხოლო თეგლაინი მოკლე, ადვილად დასამახსოვრებელი ფრაზაა, რომელიც უშუალოდ პროდუქტს უკავშირდება. მთავარი გზავნილები ხშირადაა გამოტანილი სარეკლამო მასალებზე, მომხმარებლებისათვის კონკრეტული აზრის გადასაცემად.

ე.წ. თეგლაინების მეშვეობით მომხმარებელი კონკრეტული კომპანიის იდენტიფიკაციას ახდენს, შესაბამისად, თეგლაინები ბრენდის ცნობადობის ამაღლებისთვის გამოიყენება, ხოლო სლოგანი, შედარებით ზოგადი ფრაზაა, რომელიც ბრენდის ღირებულებებზე ამახვილებს ყურადღებას.



მეტი სიცხადისთვის, Nike-ს მაგალითი განვიხილოთ. ალბათ, გგონია, რომ ბრენდის სლოგანი ძალიან ცნობილი ფრაზა - “Just do it” („უბრალოდ გააკეთე“) არის, სინამდვილეში, ფრაზა ერთ-ერთი სარეკლამო კამპანიის ფარგლებში შეიქმნა 1988 წელს, ხოლო ბრენდის ოფიციალური სლოგანია: “There is no finish line” („ფინიშის ხაზი არ არსებობს“).

პირველ ეტაპზე, ამ იდეურ განსხვავებას შეგიძლია განსაკუთრებული ყურადღება არ დაუთმო. არ არის აუცილებელი შეიმუშავო ორივე სლოგანიც და მთავარი გზავნილიც, სხარტი და დახვეწილი თეგლაინი შეგიძლია სლოგანის დატვირთვით გამოიყენო.

რატომ არის სლოგანი მნიშვნელოვანი ბრენდის ცნობადობისთვის?

ბრენდის ცნობადობა განსხვავებული კომპონენტებისგან შედგება, თითოეული ელემენტის ფუნქციაა, რომ მომხმარებელი ყიდვის გადაწყვეტილებამდე მიიყვანოს და ბრენდი კონკურენტებისგან გამოარჩიოს. რატომ ვაგრძელებთ Nike-ს, Adidas-ის, Coca-Cola-ს, McDonald’s-ის და Apple-ს პროდუქტების ყიდვას? იქნებ იმიტომ, რომ ეს კომპანიები მუდმივად გვახსენებენ თავს?

შენც უნდა მოუყვე მომხმარებლებს შენი არსებობის, ღირებულებების, პროდუქტის და უნიკალურობის შესახებ. რა თქმა უნდა, კომპანიის ცნობადობის გაზრდას სხვადასხვა არხის მეშვეობით უნდა შეეცადო, თუმცა სანამ სამიზნე აუდიტორიასთან დაიწყებ კომუნიკაციას, თავად უნდა გქონდეს განსაზღვრული, რა ღირებულებები აქვს შენს კომპანიას, რითია შენი პროდუქტი განსაკუთრებული და რა კონკურენტული უპირატესობა გაქვთ. როცა ორგანიზაციის შიგნით საერთო ხედვაზე შეთანხმდებით და თქვენს მიდგომებს სხვადასხვა კომპონენტში, მათ შორის სლოგანში, ასახავთ, მომხმარებელიც უფრო ადვილად მიგიხვდებათ სათქმელს.

ისიც უნდა გახსოვდეს, რომ გაცვეთილი გზავნილები საკმარისი აღარაა. წარმოიდგინე, რამდენ სარეკლამო მასალასთან უწევს შეხება რიგით ადამიანს: აბრები, ფლაერები, ბანერები, რეკლამა ჟურნალ-გაზეთებში, ციფრული ბანერები, ვიდეო რეკლამები, ტელემარკეტინგი, სარეკლამო შეტყობინებები მობილურზე... „სწრაფი“, „იაფი“, „ხარისხიანი“ - იმდენად ხშირად ესმით ადამიანებს, რომ ამ მარტივ გზავნილებს აღარ ენდობიან. შეიძლება სწორედ ამ პარამეტრებზე გაამახვილო ყურადღება, მაგრამ განსხვავებული ტერმინები შეარჩიო და ორიგინალურად თქვა სათქმელი.

ტექნოლოგიების და სარეკლამო სფეროს განვითარებასთან ერთად, მომხმარებელი სულ უფრო პრეტენზიული და რეკლამის მიმართ რეზისტენტული ხდება და ბრენდებსაც ახალ რეალობასთან უწევთ ადაპტაცია. მომხმარებელს არა უშუალოდ პროდუქტზე, არამედ ცხოვრების სტილზე, ღირებულებებზე და მიზნებზე ელაპარაკებიან.

კარგად უნდა გესმოდეს, რომ უამრავი ერთმანეთის მსგავსი პროდუქტი არსებობს, ერთი და იმავე ფუნქციებით, არსით და ხარისხით, თუმცა პროდუქტების ბედს ზოგჯერ თანმიმდევრული მარკეტინგი წყვეტს. მზარდი კონკურენციის პირობებში უნდა იფიქრო, როგორ შეფუთო შენი პროდუქტი სხვებზე უკეთ და შენი ბრენდი დანარჩენებისგან გამოარჩიო. რაც არ უნდა მაგარ პროდუქტს ქმნიდე, დღეს თუ ხვალ, მწყობრი მარკეტინგული სტრატეგია, სარეკლამო მასალები და გზავნილები, შენს გაყიდვებზე აუცილებლად აისახება.

დაფიქრდი, პოპულარული და წარმატებული კომპანიებისთვის თითოეულ დეტალს თუ მნიშვნელობა აქვს, შენ როგორ უნდა მოიქცე? არ დაგავიწყდეს, რომ გლობალიზაციის ერაში ცხოვრობ და მოგიწევს, გიგანტებსაც გაუწიო კონკურენცია. ფაქტია, რომ სარეკლამო სივრცეების ათვისებაში და უკეთესი პროფესიონალების დაქირავებაში ვერ აჯობებ, თუმცა, შეგიძლია მათი შეცდომები და გამოცდილება გაითვალისწინო.

როცა სლოგანის როლზე ვფიქრობთ, აუცილებელია გვახსოვდეს, რომ ვიზუალური სურათ-ხატები მყისიერ ზეგავლენას ახდენს მომხმარებლებზე, სიტყვები უფრო ნელა აღწევს შედეგს, თუმცა ეფექტი გრძელვადიანია. როცა გამოსახულებას ვუყურებთ, ჩვენ თავად ვფიქრობთ მნიშვნელობებზე, სიტყვებით სათქმელის გადაცემა კი უფრო ადვილი და ნაკლებად ორაზროვანი ამბავია.

თუ სლოგანში ემოცია გასაგებადაა გადმოცემული, სიტყვები კარგად გარითმული და ადვილად დასამახსოვრებელია, სავარაუდოდ, სლოგანი წარმატებულიც იქნება. კარგი სლოგანები მარტივად უკავშირდება ბრენდის სახელს და ბრენდის იდენტობის განუყოფელი ნაწილი ხდება. სლოგანი სახელებზე და სურათებზე მეტ კომუნიკაციას ამყარებს, ბრენდის ფილოსოფიას და იმ ძირითად იდეას ამჟღავნებს, რომელიც ყველაფრის მიღმაა.


როცა სლოგანს მომხმარებლები იტაცებენ, ბრენდსა და ადამიანებს შორის დისტანცია მცირდება. ერთი და იმავე ფრაზის გამეორებას ერთგვარი ჰიპნოზის ეფექტი აქვს და მაშინ, როცა სლოგანის კომუნიკაციას დროებით შეწყვეტ, მომხმარებელმა შეიძლება თავად აიკვიატოს ის - უსასრულოდ იმეოროს და იღიღინოს, რითიც, თავისდაუნებურად, შენს წისქვილზე დაასხამს წყალს და შენი ბრენდისადმი ერთგულებას გამოიმუშავებს.

თუ კარგ სლოგანს მოიფიქრებ და შემდეგ ოპტიმალურ საკომუნიკაციო წყაროებსაც შეარჩევ მის გამოსაყენებლად, ეს შენს ბიზნესს ნამდვილად წაადგება. ალბათ, ძალიან გაინტერესებს ყველაზე მთავარი, როგორი უნდა შექმნა კარგი სლოგანი? შემდეგ ნაწილში სწორედ ამაზე მოგიყვებით.

რა აქცევს სლოგანს წარმატებულად?

ზოგიერთი სლოგანი ძალიან პოპულარულია, ზოგიერთი საერთოდ არ იქცევს ყურადღებას. რა განსაზღვრავს თითოეულის წარმატებას?

3 ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია:

გზავნილის სიცხადე - რაც უფრო გასაგები იქნება შენი სლოგანი, მით უფრო მოეწონებათ. შენი სლოგანი ადვილად უნდა იცნონ, მომხმარებელმა ანალიზზე დიდი დრო არ უნდა დახარჯოს.

შემოქმედებითობა - კრეატიული სლოგანები პოპულარობით სარგებლობს. შეეცადე, ამ თვალსაზრისითაც გამოირჩეოდე კონკურენტებისგან.

ბრენდთთან შესაბამისობა - სლოგანი ყალბი და შენი ბრენდის ფილოსოფიას აცდენილი არ უნდა იყოს. თუ ის საერთოდ არ მიესადაგება კომპანიის საქმიანობას, კარგს არაფერს მოგიტანს. ყურადღება გაამახვილე არა პროდუქტის მახასიათებლებზე, არამედ იმ სიკეთეზე, რასაც მომხმარებელს შენი პროდუქტით სარგებლობა მოუტანს.

ჩვენ გირჩევთ:

  • შეეცადე, რომ სლოგანი შეძლებისდაგვარად მოკლე იყოს. მთელი აბზაცის კითხვას, არავინ დაიწყებს.

  • იყავი მაქსიმალურად დადებითი, ნუ გამოიყენებ ისეთ სიტყვებს, რომლებიც ადამიანებში უსიამოვნო განცდებს აღძრავს.

  • იყავი ემოციური. შენი სლოგანი სპეციფიკურ განცდებს უნდა იწვევდეს.

  • ნუ იქნები ზედმეტად აბსტრაქტული, ის, რაზეც ლაპარაკობ, ადამიანების ყოველდღიურობის ნაწილი უნდა იყოს.

  • არ დატოვო დაუსრულებლობის განცდა და იყავი პროგნოზირებადი, როცა სლოგანის დასაწყისს გაიგონებენ, მომხმარებლებმა თავად უნდა შეძლონ ფრაზის დამთავრება.

  • ყურადღება მიაქციე რითმს. რაც უფრო მელოდიურია სლოგანი, უფრო ადვილად დასამახსოვრებელია. სლოგანის რითმულად ორგანიზებამ შეიძლება მისი პოპულარობა გამოიწვიოს. მელოდიური სლოგნების გამეორებას ადამიანები თავისდაუნებურად იწყებენ.

ხშირად, სლოგანში თამაშობენ სიტყვებით ან უკვე ცნობილ ლიტერატურულ ან უბრალოდ საზოგადოებაში დამკვიდრებულ ფრაზებზე აკეთებენ მინიშნებას. როგორც ლოგოს და ტიპოგრაფიკის შემთხვევაში, აქაც სიფრთხილე გმართებს. აუცილებლად უნდა გაითვალისწინო შენი ბიზნესის სპეციფიკა. თუ სანოტარო ბიურო გაქვს, ზედმეტად ხალისიანი სლოგანი არ ივარგებს, თუ წვეულებების ორგანიზებას აკეთებ კი პირიქით, მშრალი და სერიოზული სლოგანის გამოყენება არ იქნება მიზანშეწონილი.

დადგენილია, რომ თუ ადამიანები ხშირად მოისმენენ/ნახავენ სლოგანს, უკეთესად დაამახსოვრდებათ, თუმცა დადებითი დამოკიდებულება მხოლოდ სიხშირის გამო ვერ ექნებათ.

წარმატებული სლოგანის შესაქმნელად, შენ შეგიძლია სპეციალისტები დაიქირავო ან საკუთარი ძალები მოსინჯო.

თუ სლოგანს პროფესიონალებს დაუკვეთავ, არ უნდა დაგავიწყდეს, კომპანიის შესახებ მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაციის გაზიარება. ელაპარაკე მარკეტოლოგებს შენი ხედვის, კომპანიის ღირებულებების, მისიის და სამომავლო გეგმების შესახებ, აუხსენი პროდუქტის ფუნქციები, დატვირთვა და ის სარგებელი, რაც შენი კომპანიის საქმიანობას მომხმარებლებისთვის მოაქვს. ასე სპეციალისტებს შთაგონების პოვნაც გაუადვილდებათ და შენს ბიზნესზე მორგებული სლოგანის მოფიქრებაც.

თუ გრძნობ, რომ კომპანიაში ჯერ ფასეულოებები არ ჩამოყალიბებულა, მიზნები და გეგმებიც ბუნდოვანია, არ იჩქარო. შეიძლება სჯობდეს, რომ ჯერ ამ საკითხებზე იმუშავო და მერე დაიწყო სლოგანის შექმნაზე ზრუნვა.

გაითვალისწინე ისიც, რომ სლოგანები ხანდახან ცალკეული კამპანიებისთვის იქმნება. როცა გზავნილი ძალიან წარმატებული აღმოჩნდება ხოლმე, კომპანიები მომავალ კომუნიკაციაშიც მის გამოყენებას იწყებენ და ასე იქცევა ცალკეული გზავნილი (ე.წ. თეგლაინი) მთელი კომპანიის სლოგანად.

საუკეთესო მაგალითები

სანამ სლოგანზე მუშაობას დაიწყებ, წარმატებულ მაგალითებს გადახედე, 10 ყველაზე ცნობადი და პოპულარული სლოგანი შევარჩიეთ:

Nike – Just Do It

McDonald’s – I’m lovin’ it

M&M’s – Melts in your mouth, not in your hand

Red Bull – Red Bull gives you wings

Kit Kat – “Have a Break, Have a Kit Kat”

Maybelline – “Maybe She’s Born With It, Maybe It’s Maybelline”

L’Oreal – “Because You’re Worth It”

Apple – “Think Different”

Dunkin' Donuts: "America Runs on Dunkin'"

Adidas – Impossible is Nothing

სლოგანების გადმოქართულებული ვარიანტები მოსმენილი გექნება, მაგალითად: „რედბული აფრთიანებს“, „შეისვენე, მიირთვი Kit-Kat!“, მაკდონალდსის „აი, რა მიყვარს“, თუმცა, არ უნდა გეგონოს, რომ ენობრივი ბარიერი სლოგანის შემთხვევაში უმნიშვნელოა. დააკვირდი Maybelline-ს სლოგანს, ფრაზა სიტყვებით თამაშია, შესაბამისად, ქართულად იგივე აზრის მსგავსი ფორმით გადმოცემა ძალიან გაჭირდება. თუნდაც Nike-ს „უბრალოდ გააკეთე“, რაღაც შთამბეჭდავად არ ჟღერს, არა?

თუ საერთაშორისო ბრენდს ადგილობრივ ბაზარზე წარმოადგენ, გაითვალისწინე, რომ ასეთი თითქოსდა მარტივი საკითხების მოგვარება ერთი ხელის მოსმით არ ღირს. რაც უფრო დიდია ბრენდი, მით მეტი პასუხისმგებლობა აკისრია და მომხმარებელსაც შესაბამისი მოლოდინები აქვს, უშნოდ თარგმნილი სლოგანი უყურადღებობაზე მეტყველებს და ბრენდის იმიჯს საფრთხეს უქმნის.

მაინც რა აქვს საერთო ყველაზე პოპულარულ სლოგანებს? სიმარტივე, სისხარტე, მკაფიო ემოცია, პროდუქტის დადებით მხარეზე ყურადღების გამახვილება, ხანდახან მოწოდება ან განაცხადი.

სხარტი და მარტივად დასამახსოვრებელი სლოგანი საშუალებას მოგცემს ხმა მიაწვდინო პოტენციურ მომხმარებლებს, მათში ემოციები აღძრა და შენი ბრენდის იდენტობა მათ გონებაში აღბეჭდო. სლოგანის მეშვეობით შეგიძლია მომხმარებელს შენი კომპანიის ღირებულებებზე ელაპარაკო და შექმნა შენი ბრენდის ის აღქმა, რომელიც გჭირდება. კარგი სლოგანი გაყიდვების ზრდაში და ცნობადობის გაზდაშიც დაგეხმარება.

ჩვენი ბლოგპოსტი დასასრულს მიუახლოვდა. წარმატებებს გისურვებთ შენს მომავალ საქმიანობაში, მათ შორის შესანიშნავი სლოგანის მოფიქრებაში! იმედი გვაქვს, რომ ცოტათი მაინც დაგეხმარეთ.

inkbotdesign.com-ის მიხედვით