CHOOSE YOUR COLOR
LIGHT
DARK

სოციალური მედიის ევოლუცია - მოკლე ისტორია

მსოფლიოში 2.6 მილიარდზე მეტი ადამიანი სარგებლობს სოციალური ქსელებით. ძალიან მოკლე დროში, სოციალური მედია თანამედროვე ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა და ზღვარი ონლაინ და რეალურ ცხოვრებას შორის თითქმის წაშალა. სოციალური ქსელები საქართველოშიც ძალიან პოპულარულია, ქართველი მომხმარებლები ყველაზე აქტიურად Facebook-სა და Instagram-ს იყენებენ. ამ პლატფორმებზე საქართველოდან ორ მილიონზე მეტი ანგარიშია რეგისტრირებული.

დღეს, მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ლიდერები Twitter-ის მეშვეობით აფიქსირებენ აზრს, ჩვენთვის მნიშვნელოვან მომენტებს სურათებს ვუღებთ, ლამაზ ფილტრებს ვუხამებთ და სამყაროს ვუზიარებთ. ელექტრონულ მოწყობილობებს უამრავ დროს ვუთმობთ ერთმანეთთან ურთიერთობისთვის, სიახლეების გასაგებად, გასართობად და ხანდახან, დროის გასაყვანადაც. დარწმუნებული ვართ, ამ ბლოგპოსტის შესახებაც სოციალური ქსელიდან გაიგე.



სოც. მედია პლატფორმები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება - Facebook მეგობრებთან და ოჯახთან ურთიერთობაზე ამახვილებს ყურადღებას, Instagram-ისთვის ვიზუალური მხარე უფრო მნიშვნელოვანია, LinkedIn კი მთლიანად პროფესიულ კავშირებზეა კონცენტრირებული. მიუხედავად ამ განსხვავებებისა, ყველა სივრცეში მოიძებნება ადგილი ბიზნესის წარმოსაჩენად. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ფასიანი რეკლამის წარმოების შესაძლებლობა არ არსებობს.

თუ ჩვენს წინა ბლოგპოსტებს გადახედავ, შენი ბიზნესისთვის საჭირო ბევრ დეტალს შეიტყობ. ამჯერად, Connect სოციალური ქსელების ევოლუციაზე მოგიყვება. ჩავუღრმავდეთ სოციალურ ქსელებს და მათ ისტორიას, ადამიანების ახლადშეძენილ ჩვევებს და იმ შესაძლებლობებს, რომელსაც ეს არხები ბიზნესის განვითარებისთვის გვთავაზობს.


რას ვეძახით სოციალურ მედიას?

სანამ სოციალურ მედიის ისტორიაზე გადავალთ, შევთანხმდეთ, რას ვეძახით „სოციალურ მედიას“. ერთ-ერთი განმარტების მიხედვით:

სოციალური მედია ციფრული კომუნიკაციის განსხვავებულ ფორმებს მოიცავს - ადამიანები ქმნიან ქსელებს, საზოგადოებებს ან ჯგუფებს, იდეების, ინფორმაციის, გზავნილების და ვიზუალური კონტენტის ერთმანეთისთვის გასაზიარებლად.

მეორე განმარტების მიხედვით, სოციალური მედია არის:

ვებგვერდები ან აპლიკაციები, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მომხმარებლებს შექმნან და გააზიარონ კონტენტი და იურთიერთონ ერთმანეთთან.

არ უნდა დაგვავიწყდეს:


  1. სოციალური მედია აუცილებლად მოიცავს ციფრულ კომუნიკაციას, შესაბამისად, სოციალური მედია ვერ განვითარდებოდა ინტერნეტის გამოგონებამდე;

  2. სოციალური მედია ეყრდნობა მომხმარებლების შექმნილ კონტენტს. ამიტომაც, იმ ვებგვერდებს და ბლოგებს, რომელსაც მკაფიოდ შექმნილი სტრუქტურა და შეზღუდული წვდომა აქვს (მაგ: მცირე ჯგუფი წყვეტს, რა ტიპის მასალები აიტვირთება) სოც. მედიას ვერ ვუწოდებთ.

პნევმატური ფოსტა, ტელეგრაფი და სხვა მსგავსი გამოგონებები, ნამდვილად აძლევდა ურთიერთობის საშუალებას ადამიანებს, მაგრამ ამჯერად, ასე შორს არ წავალთ და პირდაპირ სოციალურ ქსელებზე ვიმსჯელებთ.

 

ინტერნეტის სწრაფი ზრდა 




ინტერნეტის ისტორია 1960-იან და 70-იან წლებში იწყება. ორგანიზაციები ცდილობდნენ, კომპიუტერების დაკავშირების მეთოდი მოეფიქრებინათ, თუმცა 90-იან წლებამდე, კომპიუტერის ქონა ჩვეულებრივი ამბავი არ იყო და სოციალურმა მედიამაც მაშინ დაიწყო ჩასახვა, როცა კომპიუტერები მასიურად ხელმისაწვდომი გახდა.

90-იან წლებში ადამიანებმა ბლოგების წერა დაიწყეს. ამან კი სოციალური მედიის დაბადებას შეუწყო ხელი. ბლოგების მეშვეობით, ნებისმიერ ადამიანს ეძლეოდა შესაძლებლობა შესულიყო ინტერნეტში და გარესამყაროსთვის ეუწყებინა, რას გრძნობს, ფიქრობს და აკეთებს. ადამიანებს შორის დისტანცია შემცირდა, მომხმარებლებმა ერთმანეთისთვის კომენტარების დატოვება დაიწყეს და ნელ-ნელა ინტერნეტის გამოყენების ახალი გზებიც გამოიკვეთა.


პირველი სოციალური ქსელები

სოციალური მედიის ზემოთ ნახსენები განმარტებებით ვიხელმძღვანელებთ, ამ ჩარჩოს მიხედვით კი პირველი სოციალური ქსელები Six Degrees და Friendster იყო. მიუხედავად მათი მნიშვნელოვანი როლისა სოც.მედია რევოლუციაში, დღეს არც ერთი მათგანი აღარ არსებობს.


Six Degrees



Six Degrees პირველ სოციალურ ქსელად მიიჩნევენ. პლატფორმას სახელი ერთ-ერთი სოციოლოგიური თეორიის საპატივცემულოდ დაარქვეს. ამ თეორიის მიხედვით, დედამიწაზე მცხოვრებ ნებისმიერ ორ ადამიანს მაქსიმუმ 5 ნაცნობი აშორებს ერთმანეთისგან (შესაბამისად, ნაცნობობის 6 საფეხური).

Six Degrees პირველ სოც. მედია ვებგვერდად აღიარეს, რადგან ის მომხმარებლებს პირადი პროფილების შექმნის და სხვების ქსელში გაწევრიანების შესაძლებლობას აძლევდა. პლატფორმა 1997 წელს გაეშვა და 2001 წლამდე ფუნქციონირებდა. 1999 წელს, Six Degrees 125 მილიონ დოლარად გაიყიდა, თუმცა მალევე გაუქმდა. ყველაზე წარმატებულ პერიოდში ვებგვერდს დაახლოებით 3.5 მილიონი მომხმარებელი ჰყავდა.

Friendster

2002 წელს ახალი ვებგვერდი გამოჩნდა. Six Degrees მსგავსად, მომხმარებლებს პროფილების შექმნა, ერთმანეთის პოვნა და დამატება შეეძლოთ. მათ ფოტოებისა და ვიდეოების გაზიარება და ერთმანეთისთვის მიწერის საშუალებაც ჰქონდათ. მოქმედებდა კომენტარების დატოვების ფუნქციაც, თუმცა მხოლოდ იმათთან, ვინც შენს ქსელში გყავდა გაწევრიანებული.

ჩაშვებიდან რამდენიმე თვეში, Friendster-მა 3 მილიონზე მეტი მომხმარებელი მოაგროვა. რეგისტრირებულთა რიცხვი მუდმივად იზრდებოდა და 100 მილიონსაც გასცდა.

2011-ში Friendster რებრენდინგის შედეგად სათამაშო პლატფორმად გადაკეთდა და თამაშის მოყვარულებზე კონცენტრირდა. ამ ნაბიჯით პლატფორმა წარმატებულ კონკურენციას უწევდა Google-ს, Yahoo!-ს და Facebook-ს, მაგრამ საბოლოოდ, 2019 წლის პირველ იანვარს, ვებგვერდმა ფუნქციონირება შეწყვიტა.


როდის დაიწყო LinkedIn?


შეიძლება გაგიკვირდეს, მაგრამ LinkedIn ერთ-ერთი პირველი სოციალური ქსელია, 2002 წლის 28 დეკემბერს შეიმქნა და დასაწყისშიც პროფესიულ კავშირებზე, ბიზნესზე და განათლებაზე იყო კონცენტრირებული. დღესდღეობით, LinkedIn თავდაპირველ ფუნქციას ინარჩუნებს და 575 მილიონზე მეტი რეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავს.

როდის შეიქმნა MySpace?



სულ პირველ სოც.მედია ვებგვერდებს შორის MySpace ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და გავლენიანი იყო. პლატფორმამ ოფიციალურად 2003 წლის 1 აგვისტოს დაიწყო ფუნქციონირება და ძალიან მალე, უმსხვილესი სოციალური ქსელი გახდა. დასაწყისში MySpace ფაილების შესანახად იყენებდნენ, მაგრამ ვებგვერდი მალევე გადაიქცა სოციალურ ქსელად. 2005 წელს, პლატფორმა 580 მილიონ დოლარად გაიყიდა და 2006-ში Google-საც კი გაუსწრო მნახველების რაოდენობით.

2009 წლისთვის, MySpace-ს შემოსავალი დაახლოებით 800 მილიონ დოლარს აღწევდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ასპარეზზე Facebook გამოჩნდა, MySpace-ს დაღმასვლა დაიწყო. MySpace-ს წარუმატებლობის მიზეზად შეიძლება გადაჭარბებული სარეკლამო ბანერებიც ჩაითვალოს. 2010 წელს, MySpace-მა Google-თან 3-წლიანი სარეკლამო გარიგება დადო, პლატფორმა რეკლამით გადაიტვირთა და მომხმარებლებისთვის მოუხერხებელი გახდა.

მას შემდეგ, MySpace კიდევ ორჯერ გაიყიდა და ვებგვერდი დღესაც აგრძელებს ოპერირებას - მნახველების რაოდენობის მიხედვით კი მსოფლიოში 4153-ე ადგილზეა.


როდის შეიქმნა Facebook?



პლატფორმა 2004 წელს, მარკ ცუკერბერგის, ედუარდო სავერინის, დასტინ მოსკოვიცისა და კრის ჰაგისის მიერ დაარსდა. ამ დროს, ცუკერბერგი ჰარვარდში სწავლობდა. თავდაპირველად ვებგვერდი მხოლოდ ჰარვარდის სტუდენტებისთვის იყო გამიზნული, მაგრამ პლატფორმის შესახებ მალევე გაიგეს აშშ-ს სხვა წამყვან უნივერსიტეტებშიც. 2006 წლის შემდეგ, ვებგვერდი ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა - უბრალოდ უნდა მოგენიშნა, რომ შენი ასაკი 13 წელს აღემატება.

Facebook-მა MySpace-ს 2008 წელს აჯობა და დღესდღეობით, მსოფლიოში მესამე ვებგვერდია მნახველების რაოდენობით (ჩამორჩება მხოლოდ Youtube-ს და Google-ს). ამჟამად, კომპანიის წლიური შემოსავალი 40 მილიარდ დოლარს აღემატება და მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 30% ამ სოციალური ქსელის მომხმარებელია.


როდის შეიქმნა Twitter?

2006 წლის 26 მარტს ჯეკ დორსმა, ნოა გლასმა, ბიზ სტოუნმა და ევან უილიამსმა პლატფორმას საფუძველი ჩაუყარეს. Twitter-ის ყველაზე საინტერესო მახასიათებელი ის იყო, რომ მომხმარებლებს მხოლოდ 140 სიმბოლოში უნდა ჩაეტიათ სათქმელი. ამ პოლიტიკას კომპანია 2017 წლამდე ინარჩუნებდა. ამჟამად პლატფორმას 335 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს.

როდის დაიწყო Instagram? 



2010 წლის 6 ოქტომბერს ბაზარზე გამოჩნდა ვიზუალურ კომუნიკაციაზე დაფუძებული პლატფორმა, რომელიც ფოტოებზე და მოკლე ვიდეოებზე ამახვილებდა ყურადღებას. მომხმარებლებს მხოლოდ კვადრატული ფოტოების ატვირთვა შეეძლოთ (ეს შეზღუდვა 2015 წელს მოიხსნა).

ორი თვის შემდეგ აპლიკაციას უკვე მილიონზე მეტი რეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავდა. დღეს, Instagram-ს მილიარდზე მეტი ადამიანი იყენებს და აპლიკაცია პოპულარობით მსოფლიოში მეექვსეა. 2012 წელს, Instagram მილიარდ დოლარზე მეტად გაიყიდა და ახლა მისი მფლობელი, სოც. მედია გიგანტი, Facebook-ია.

როდის დაიწყო Snapchat?

სახელი აპლიკაციის მთავარ ფილოსოფიას გვამცნობს. აპლიკაცია 2011 წელს გამოვიდა და მომხმარებლებს საშუალებას აძლევდა ერთმანეთისთვის გაეგზავნათ სურათები, რომელიც გახსნის შემდეგ ქრებოდა.

დღეს, Snapchat-ში შეგიძლიათ ერთმანეთს მიწეროთ და 24-საათიანი „სთორები“ გააზიაროთ. თქვენს მიერ ატვირთული ფოტოები და ვიდეობი მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში იქნება ხელმისაწვდომი. აპლიკაციას 186 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს და განსაკუთრებით პოპულარულია ახალგაზრდებშია.


სოციალური მედია დღეს

2019 წელს ყველაზე პოპულარული სოც.მედია პლატფორმებია:

  • Facebook
  • Youtube
  • WhatsApp
  • Facebook Messenger
  • WeChat
  • Instagram

ბაზრის ლიდერი Facebook-ია, თვიურად დაახლოებით 2.32 მილიარდი მომხმარებელი იყენებს ქსელს. Facebook იყო პირველი სოც. ქსელი, რომელშიც 1 მილიარდზე მეტი მომხმარებელი დარეგისტრირდა.B



სოციალური მედიის ისტორია ხანმოკლეა, მაგრამ ეს სულაც არ ამცირებს მის როლს ან გავლენას ადამიანებზე. სოციალურ ქსელებს ერთი უნიკალური რამე აერთიანებს - ე.წ. კონტენტს უშუალოდ მომხმარებლები ქმნიან. შესაბამისად, სოციალური ქსელები ადამიანებს თვითგამოხატვის გაცილებით დიდ შესაძლებლობას აძლევს. ნებისმიერს შეუძლია თავისი პოზიცია, კმაყოფილება და უკმაყოფილება გამოხატოს. ეს ბიზნესისთვის ერთდროულად სასარგებლოცაა და რისკის შემცველიც. თუ მომხმარებლები შენი სერვისით ბედნიერები იქნებიან, საჯაროდ გამოხატავენ მადლიერებას, მაგრამ თუ რამე უსიამოვნება შეემთხვევათ, შესაძლოა, კომპანიას დიდი ზიანი მიაყენონ. სოციალურ ქსელებს შუამავლები არ სჭირდება, რამდენიმე წამში, ნებისმიერს შეუძლია, თავისი აზრი საჯაროდ დააფიქსიროს.

ვარაუდობენ, რომ 2021 წლისთვის, სოციალური მედიით 3 მილიარდ ადამიანზე მეტი ისარგებლებს. დღეს ბაზარზე რამდენიმე მსხვილი მოთამაშეა, თუმცა რთული სათქმელია, რამდენად მოახერხებენ კომპანიები წამყვანი პოზიციების შენარჩუნებას. არ გამოვრიცხავთ, რომ ბაზარზე ინოვაციური ბიზნესები გამოჩნდნენ და ლიდერებს ძლიერი კონკურენცია გაუწიონ.


რატომ უნდა ადევნო თვალი სოციალური მედიის განვითარებას?

ცოდნა ძალაა. ქართულ საზოგადოებაში განსაკუთრებით პოპულარული რამდენიმე სოციალური ქსელია. ქართული კომპანიების უმეტესობა ცდილობს, გამართული Facebook გვერდი ჰქონდეს, თუმცა კომპეტენტურმა მარკეტოლოგებმა ისიც იციან, რომ არ არის აუცილებელი, ყველაზე მარტივი გამოსავალი აირჩიო. შენი ბიზნესის სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაძლოა, მომხმარებელთან კომუნიკაციის არატრადიციული მეთოდები ამჯობინო.

სოციალური მედიის ევოლუციის გააზრებას გარკვეულ დასკვნებამდეც მივყავართ. მაგალითად, უნდა გვახსოვდეს, რომ სოციალურმა მედიამ ბრენდებსა და მომხმარებელს შორის დისტანცია არნახულად შეამცირა. თუ ტრადიციული მედიის მეშვეობით ურთიერთობა ცალმხრივი იყო, დღეს, სოციალურ ქსელში, მომხმარებელს შეუძლია პირადად მისწეროს ბრენდს და პასუხი რამდენიმე წამში მიიღოს. ფლაერს, ბანერს და ტელევიზორს ვერ დაელაპარაკები, ციფრულ სამყაროში კი ყველა კარი ღიაა, შეგიძლია საჯაროდ განიხილო კომპანია და მისი საქმიანობა, გამოიყენო კომპანიასთან დაკავშირებული ჰეშთეგი და ღონისძიების სურათიც დაურთო, იქნებ ინტერაქციაში შეხვიდე კომპანიასთან - პირადად მისწერო, მოუწონო აქტივობა ან გააზიარო მათი შექმნილი კონტენტი. შესაძლებლობები უსაზღვროა. ახლო მომავალში ხმამაღალ და საინტერესო სიახლეებსაც ველით და ამიტომ, შენს და შენს ბრენდს გისურვებთ, რომ თანამედროვეობას აუწყოთ ფეხი, წარმატებები მომავალ საქმიანობაში!

წყაროები: 
statista.com 
historycooperative.org 
statista.com