CHOOSE YOUR COLOR
LIGHT
DARK

ტიპოგრაფიკის მნიშვნელობა ბრენდისთვის - როგორ შევარჩიოთ ფონტი?

დაკვირვებიხარ რამდენი წარწერაა შენს გარშემო? აბრები, პროდუქტების ეტიკეტები, ამონათებული სიტყვები შენს მობილურზე... ტიპოგრაფიკა ყველგანაა - შენობებზე, წიგნებში, შენს ციფრულ ხელსაწყოებში, სატრანსპორტო საშუალებებზე და ყოველდღიური გამოყენების ნივთებზე. განსხვავებული შრიფტები განსხვავებული ინფორმაციის მატარებელია. სანამ სარეკლამო მასალების შინაარსს „გადახარშავ“, შრიფტები მოქმედებას იწყებს. თუ გინდა, რომ მომხმარებლებს დადებითი განწყობა შეუქმნა და შენი ღირებულებებიც სწორად გადასცე, ბიზნესისთვის შრიფტების შერჩევას დრო უნდა დაუთმო.


ნებისმიერ კომპანიას სჭირდება ფიქრი ტიპოგრაფიკაზე. ერთ-ერთი ყველაზე მარტივი მიზეზი საქართველოს კანონმდებლობაში არსებული მოთხოვნაა. საქართველოს კანონი რეკლამის შესახებ მეოთხე მუხლში ამბობს: „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აბრაზე წარწერა შესრულებული უნდა იყოს სახელმწიფო ენაზე, ხოლო სურვილის შემთხვევაში იგი შეიძლება შესრულდეს აგრეთვე უცხოურ ენაზე. უცხოურენოვანი წარწერა ზომით არ უნდა აღემატებოდეს სახელმწიფო ენაზე შესრულებულ წარწერას.“

ხშირად, როცა მომხმარებელი პროდუქტს ან რეკლამას ხედავს და წარწერები იაფფასიანი ეჩვენება, ბრენდთან ურთიერთობის სურვილი ეკარგება. ამიტომაც, თუ გინდა, შენი ბრენდი მაღალხარისხიანი ფონტებით გამოირჩეოდეს, კითხვა განაგრძე - ტიპოგრაფიკის შესახებ მოგიყვებით და რჩევებსაც არ დავიშურებთ.

თუ ბრენდისთვის შრიფტების შერჩევა დაიწყე, ალბათ, ლოგო უკვე გაქვს. შესაძლოა, ლოგოს ესთეტიკის შესაფერისი ფონტებიც შეარჩიე, მაგრამ არ დაგავიწყდეს, რომ კომპანიას ასევე სჭირდება კარგი მეორეხარისხოვანი შრიფტი და შრიფტი ვრცელი ტექსტებისათვის.

უამრავი უფასო თუ ფასიანი ფონტი ადვილად ხელმისაწვდომია, მაგრამ სჯობს, ჯერ კარგად გაეცნო ფონტების ტიპებს და ვარიანტები ისე შეარჩიო.


შრიფტების ანატომია



სანამ ტიპებსა და სტილზე დავიწყებდეთ ლაპარაკს, შრიფტების ზოგადი ანატომია განვიხილოთ. 



ნებისმიერი დამწერლობა და შესაბამისად შრიფტებიც, კონკრეტულ ისტორიულ კონტექსტს ასახავს. მახვილ თვალს ასოების მოყვანილობით კონკრეტული ეპოქის გავლენის ამოცნობა შეუძლია.


ქართულმა დამწერლობამ მეხუთე საუკუნიდან დღემდე განვითარების სამი საფეხური გაიარა - ასომთავრულის, ნუსხურისა და მხედრულის სახით. იოჰან გუტენბერგის გამოგონებამ (საბეჭდმა დაზგამ) კი საქართველოში სამი საუკუნით დაიგვიანა და პირველი სტამბა 1708 წელს, თბილისში, ვახტანგ მეექვსემ გახსნა. მანამდე პირველი ქართული შრიფტი 1629 წელს ევროპაში, ქართულ-იტალიური ლექსიკონისთვის შეიქმნა. ქართული დამწერლობის ისტორიაში არანაკლებ მნიშვნელოვანია ილიასეული რეფორმაც. ილია და მისმა თანამებრძოლებმა ანბანიდან 5 მოძველებული ასო ამოაგდეს:

  • ჱ — ჰე

  • ჲ — იოტა

  • ჳ — ვიე

  • ჴ — ხარი

  • ჵ — ჰოე




ციფრულ ეპოქაში დამწერლობამ ახალი როლი მოირგო. ბოლნისის სტელიდან დღემდე ენამ და ენის გამოყენების საჭიროებებმაც სახე იცვალა. დღეს ნაკლებად გვაქვს ურთიერთობა ხელნაწერებთან და უფრო აქტიურად ელექტრონულ მოწყობილობებში ვწერთ და ვკითხულობთ.

შრიფტების ანატომიაზე მსჯელობისას უნდა გვახსოვდეს, რომ ასოებს თავიანთი გეომეტრიული ლოგიკა აქვთ. ყველა ლათინურ შრიფტს საბაზისო და უხილავი შუა ხაზი აქვს, ზოგიერთი ასო კი ქვედაკავიანი ან ზედაკავიანია. ლათინურის მსგავსად ქართულ ასოებსაც უამრავი მახასიათებელი აქვს: ზედა ტანი, შუა ტანი, ქვედა ტანი, ღიობი, თვალი, ნაჭდევი, კუდი, ა.შ. განსხვავებული სისქე (წონა), ფორმა და სიმაღლე კი საბოლოოდ განსაზღვრავს ფონტების რომელ „ოჯახს“ ან ტიპს მიაკუთვნებენ ამა თუ იმ შრიფტს.

ქართული და ლათინური შრიფტები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. თუ ახლა უყრი საფუძველს ბიზნესს ან საერთაშორისო ბრენდს წარმოადგენ, აუცილებლად უნდა იცოდე, რომ ქართული შრიფტები არ არის სისტემატიზებული და ლათინურთან შედარებით ბევრად გაუმართავია. ქართული შრიფტი, თავისი მოყვანილობის სირთულიდან გამომდინარე, ხშირად ზღუდავს დიზაინერს. ამიტომაც, თუ ლათინური ასოებით შექმნილი ლოგოს ადაპტაცია ან სხვა მასალების „გადმოქართულება“ გადაწყვიტე, გუნდს საკმაოდ რთულ ამოცანას უსახავ. რეალისტურად შეხედე საკითხს და გაითვალისწინე, რომ ქართული ანალოგი ლათინურს ზუსტად ვერ გაიმეორებს და არ გეგონოს, რომ პრობლემა მაინცდამაინც დიზაინერებშია.


გზავნილები -რას ამბობს შრიფტი ბრენდზე?

შრიფტები მომხმარებელს ბრენდის შესახებ ელაპარაკება - სისწრაფე, ტრადიციულობა, ინოვაციები თუ ძველმოდურობა? ვიზუალურმა მხარემ შეიძლება ინფორმაცია ბრენდის შესახებ უნებურად გასცეს. ყველა ფონტს განსხვავებული გზავნილი, ძლიერი და სუსტი მხარეები აქვს.


Serif-ის ფონტები



Serif-ის ფონტები ყველაზე ძველი და კლასიკურია. “serif”-ს ასოების კიდეებში დატანილ პატარა დეკორატიულ ნაჭდევს (შვერილს) ეძახიან. Serif-ის ფონტები სადა და დახვეწილია, ყველაზე მეტად ვრცელი ტექსტებისათვის გამოდგება, ხშირად იყენებენ წიგნებში, ბროშურებში, კატალოგებში... ბეჭდურ მასალებში Serif-ის ფონტებს თვალი შეეჩვია და შესაბამისად, მკითხველებისთვის ტექსტები ადვილად აღსაქმელია. ყველაზე პოპულარული Serif-ის ფონტებს შორის აუცილებლად გეცოდინება - Times New Roman.


Sans serif-ის ფონტები


„Sans” ფრანგულად „გარეშეს“ ნიშნავს. ასეთ შრიფტებში ნაჭდევებს ვერ შეხვდები. Sans serif-ის ფონტები ადვილად აღქმადია და არაჩვეულებრივია წვრილად ბეჭდვისათვის. ასევე ძალიან მოსახერხებელია ვებგვერდებისა და ელექტრონული წიგნებისათვის, რადგან დაბალი რეზოლუციის შემთხვევაშიც არ კარგავს გარჩევადობას. თანამედროვეობა, სიცხადე და სიმარტივე Sans serif-ის ფონტების ძლიერი მხარეებია. ამ ჯგუფის შრიფტები ერთმანეთისგან სისქის მიხედვით განსხვავდება - რაც უფრო სქელია ასო, მით უფრო მძიმედ და მასკულინურად გამოიყურება, Sans serif-ის თხელი ვარიანტები კი მსუბუქი და ლაღია.


Slab-ის ფონტები


ფონტების ამ ჯგუფს მძიმე და გამოკვეთილი ნაჭდევები ახასიათებს. Slab-ის ფონტების გამოყენებისას სიფრთხილე გმართებთ, ისინი ნაკლებად მოსახერხებელია ვრცელი ტექსტებისათვის, თუმცა სათაურად გამოტანისას აღსაქმელად მარტივია.


BPG-ის ფონტები


ქართულ ფონტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული BPG სერიის ფონტებია. BPG-InfoTech ფონტები, როგორც ტრადიციული ტიპის სასტამბო, ასევე ვების ფონტებს მოიცავს, მათ შორის: BPG SSP Crysta, BPG Algeti, BPG Nino Elite, ა.შ. დიზაინერები ხშირად BPG-ს ფონტებს ანიჭებენ უპირატესობას, რადგან სხვა ქართულ ფონტებთან შედარებით, ისინი დახვეწილი და ვიზუალურად ლამაზია.

არ დაგავიწყდეს, რომ ამ სერიის ფონტებს საავტორო უფლებები ეხება და თუ მათ გამოყენებას კომერციული მიზნებისთვის გადაწყვეტ, ავტორისგან უნდა აიღო ნებართვა.

BPG იშიფრება, როგორც Besarion Paata Gugushvili (ბესარიონ პაატას ძე გუგუშვილი), რადგან სწორედ ბესარიონ გუგუშვილი არის BPG სერიის ფონტების და ასევე DejaVu ფონტების ქართული ზონის შემქმნელი.


ხელნაწერი ფონტები

ბოლო წლებში ხელნაწერი ფონტები საკმაოდ პოპულარული გახდა. შეიძლება გახსოვს კიდეც, 2015 წელს ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა განახორციელა პროექტი - „საზოგადო მოღვაწეთა შრიფტები“. პროექტის ფარგლებში, საზოგადო მოღვაწეების ხელნაწერების მიხედვით, უნიკალური ქართული შრიფტები შეიქმნა. თუმცა აკაკის, ილიას და ვაჟას ხელნაწერები უფრო მეტად შთაგონების პოვნაში დაგეხმარება, ბიზნესისთვის კი სხვა ხელნაწერი ფონტები უნდა შეარჩიო. ნაზი, დეკორატიული ვერსიები ღია ბარათებს და მოსაწვევებს მოუხდება, მაგრამ ვრცელი ტექსტებისათვის არ ივარგებს.


დეკორატიული ფონტები


დეკორატიული ფონტები მჭახე და ხმამაღალია და მომხმარებლებშიც შესაბამის განცდებს აღძრავს, ამიტომაც, მათ გამოყენებას სიფრთხილით უნდა მოეკიდო. დეკორატიულ ფონტებთან მუშაობისას პროფესიონალების ჩართულობა გადამწყვეტია. დიზაინერს არა მხოლოდ შესაშური ტექნიკა, არამედ დახვეწილი გემოვნება უნდა ჰქონდეს, რათა ფერები და ფორმები ისე შეახამოს, რომ ფონტი მყვირალა და ჭყეტელა არ გამოვიდეს. გახსოვდეს, დღეს მიღებულმა გადაწყვეტილებამ დროის გამოცდას უნდა გაუძლოს. შენს ინტერესებშია, რომ რამდენიმე წელიწადში შენი კომპანიის ფონტები შესაცვლელი არ გახდეს.


შრიფტების კომბინაციები და იერარქია


შენ გჭირდება, რომ არა მხოლოდ მოიძიო ბიზნესისთვის შესაფერისი შრიფტები, არამედ ერთმანეთსაც მიუსადაგო. ერთი შეხედვით კონტრასტული ვარიანტები ხშირად ჯადოსნურ კომბინაციებს ქმნის, ამიტომაც, აქაც პროფესიონალის ხედვა და ჩართულობაა საჭირო.

შეგიძლია მარტივად მიუდგე საკითხს, სათაური, ქვესათაური და ძირითადი ტექსტი პირდაპირ ერთნაირი შრიფტით წერო, serif-ის და sans serif-ის შრიფტები შეუხამო ერთმანეთს ან ერთი შრიფტის სხვადასხვა სისქის ვარიანტები გამოიყენო.

ტიპოგრაფიკული იერარქია იმისთვისაა საჭირო, რომ მომხმარებელს შენი ძირითადი აქცენტები დაანახო და ტექსტის შინაარსის აღქმა გაუმარტივო. მაგალითისთვის, დააკვირდი ჩვენს ქვესათაურებს, განსხვავებული ფონტების გამოყენებით გაუწყებთ, როდის გადავდივართ ახალ თემაზე.


რომელმა ბრენდმა რომელი შრიფტი უნდა გამოიყენოს?


როგორც ლოგოს შემთხვევაში, ასევე ტიპოგრაფიკის შერჩევის დროსაც, თითოეულმა ბრენდმა თავისი ხედვიდან, ღირებულებებიდან და მიზნებიდან გამომდინარე უნდა მოირგოს შრიფტი.

თუ ფინანსურ კომპანიას მართავ, დეკორატიული შრიფტების გამოყენება მიზანშეწონილი ნაკლებადაა. თუ საქორწინო ფოტოგრაფიის ბიზნესში ხარ - პირიქით, რომანტიკული დეკორატიული შრიფტები შენს საქმიანობას ზუსტად მიესადაგება. ბრენდები ძირითადად ცდილობენ, რომ ნეიტრალური, სადა და კლასიკური ფონტები შეარჩიონ (მაგ. ძალიან პოპულარულია Helvetica). შეიძლება ამით ორიგინალური არ გამოჩნდე, მაგრამ პოტენციური მომხმარებლის დაკარგვის რისკი მინიმალური იქნება.


უფასო და ფასიანი შრიფტები


ათასობით ფონტი უფასოდაა ხელმისაწვდომი ინტერნეტში, მათი ნაწილი გამართული და სადაა და შეიძლება შენს ბრენდს წარმატებით ემსახუროს. თუმცა შეიძლება აღმოაჩინო, რომ ზოგიერთ შრიფტს საჭირო სიმბოლოები (მაგ. დოლარის, ლარის და სხვა ვალუტების სიმბოლოები, აპოსტროფები, დეფისები, ა.შ) არ აქვს ან „სისქე“ არ გააჩნია (ე.წ. bold, italic, ა.შ.).

თუ ვებგვერდისთვის ეძებ შრიფტებს, შეგიძლია, Google Fonts გამოიყენო და სისტემა იმასაც გიჩვენებს, რომელი შრიფტების კომბინაციებს იყენებენ სხვები.


გავრცელებული შეცდომები

ყველაზე მნიშვნელოვანი რაც უნდა გახსოვდეს ისაა, რომ შრიფტების ხარისხი მხოლოდ მათი სილამაზით არ განისაზღვრება. მომხმარებლებს მარტივად უნდა შეეძლოთ წარწერების წაკითხვა და აღქმა. დააკვირდი შრიფტებს და შეეცადე ისეთი შეარჩიო, რომელიც მაშინვე სხვა ბრენდს არ გაახსენებს მომხმარებელს. დაუშვებელია სხვისი კორპორატიული შრიფტების გამოყენება. იმის გარდა, რომ შენს ინტერესებში არ არის სხვა ბრენდის სიმბოლოკის გამოყენება, ეს უბრალოდ კანონდარღვევაა, უფრო კონკრეტულად კი, საავტორო უფლებების შელახვა.

მგონი, ახლა უფრო მკაფიო წარმოდგენა გაქვს შრიფტებზე და შენი მარკეტინგული მასალებიც მეტად თანმიმდევრული იქნება. წარმატებებს გისურვებთ შენ და შენს ბიზნესს!

სახალისო ტიპოგრაფიკა

თუ ძალიან დაინტერესდი ტიპოგრაფიკით, მარტივ და სახალისო თამაშებსაც გირჩევთ.

The Rather Difficult Font Game - გამოიცანი შრიფტები.

TypeConnection – „დააწყვილე“ ფონტები. წაიკითხე თითოეულის ხასიათის შესახებ, დააკვირდი ვიზუალურად და პაემანზე გაუშვი. ბოლოს გაიგებ რამდენად წარმატებული აღმოჩნდა ამ ფონტების კომბინაცია.

Kerntype - კერნი ასოებს შორის ოპტიმალური დაშორებაა. შეეცადე, ისე დაალაგო ასოები, რომ ტექსტი მაქსიმალურად აღქმადი იყოს.

Shoot the Serif - ესროლე ნაჭდევებს. კარგად დააკვირდი პატარა შვერილებს კიდეებში და თავი აარიდე sans serif-ის ასოებს.


© by Connect Team